რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით სტიქიიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ პრაქტიკულად ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 5 სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
„ამასთან ერთად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გასწიეს ჩვენი სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიებმა. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე ენერგო პროს და მაგთის თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღდგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“-, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოში მონაწილეობენ.
„რაჭაში700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შრომას ასრულებდნენ 24 საათიან რეჟიმში. 2 მოქალაქეს, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრის მანძილზე ფეხით მიაწოდა წამალი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას, გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება.
რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ასევე წყალმა ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წაიღო.