ჩვენ შევძელით რომ კონტროლირებადი გაგვეხადა პანდემიის მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველმა, ნათია სხვიტარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ რეკომენდაციების დაცვა განაგრძოს.
„იმისათვის რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ და რისკი არ გაიზარდოს, მხოლოდ მთავრობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. როგორც გაზაფხულის პერიოდში იყო, ახლაც, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები რომელიც ჯანდაცვის სექტორის მიერ არის მოწოდებული და რომელიც აპრობირებულია“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.