მესმის, რომ ოპოზიციას ბევრი სათქმელი მაინც არ დავუტოვეთ. დროდადრო გაისმის სხვადასხვა კრიტიკა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. ჩნდება თუ არა პრობლემა, ჩვენ მასზე ვრეაგირებთ. აქედან გამომდინარე, უწევთ სხვადასხვა თემის წამოწევა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ერთ-ერთი აბსოლუტურად უსაფუძვლო თემა არის კოვიდის და არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავეხმაროთ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას იმდენ ხანს და იმ პერიოდის განმავლობაში, რაც იქნება საჭირო, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ციკლისა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ნებისმიერ დროს, არანაირ კავშირში ეს საარჩევნო ციკლთან არ არის. ამ პარტიების მოწოდებას რომ გავყვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ღრმავდება და მეტი ადამიანი ითხოვს დახმარებას, უნდა შევწყვიტოთ, ვაიდა არ დაგვაბრალონ არჩევნებთან კავშირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან 200 ლარის დახმარებას მიიღებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.
კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას მოქალაქეები ზამთარშიც მიიღებენ.