თუკი რეალური ფაქტებით ვიმსჯელებთ, 2004-2012 წლებში რუსეთმა საქართველოში მიაღწია იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე იოცნებებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ აბაშიძემ 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგებსა და დაძლევის შესაძლო გზებზე ისაუბრა. მან მომხდარის გამო მაშინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა.
მისი თქმით, უაღრესად გასაკვირი და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას არათუ ბოდიშის მოხდა, წუხილიც კი არ გამოუხატავს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიისათვის.
„დღეის გადასახედიდან, რუსეთის სამხედრო აგრესიის უმძიმეს შედეგად მისი სამართლებრივი ასპექტები გვესახება. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო მოშლას ნიშნავს, რაც დღევანდელი საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა.
თუკი რეალური ფაქტებით ვიმსჯელებთ, 2004-2012 წლებში რუსეთმა საქართველოში მიაღწია იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე იოცნებებდა. ამიტომ, უაღრესად გასაკვირი და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას არათუ ბოდიშის მოხდა, წუხილიც კი არ გამოუხატავს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიისათვის და არც დღემდე უღიარებია თუნდაც მცირე შეცდომა თავისი პოლიტიკისა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა ფაქტობრივად მოიშალა, ოკუპირებულია ტერიტორიის 20%. ისტორიულ ჭრილში ეს „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის მთავარი შედეგია. ეს პოლიტიკური ძალა კი ჯიუტად ყველაფრის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ მისი ქმედება სამაგალითოდ სწორი იყო და არის“, - განაცხადა აბაშიძემ.