logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
- +

24 ივნისი. 2016. 12:31



პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო იმუნიტეტის თემაზე სიტყვით გამოვიდა.


მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში იმუნიტეტი იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.



დოკუმენტში საუბარია, რომ 2014 წლის აპრილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა და მისი იმუნიტეტის შესუსტებაზე ორიენტირდებოდა. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმული შესწორებები ერთადერთ მიზანს - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო.



მეტი კონკრეტიზაციისთვის გეტყვით, რომ 2004 წლის აპრილში, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სადეპუტატო იმუნიტეტის ის კომპონენტი, რაც პარლამენტის წევრის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად, პარლამენტის წინასწარი თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა. მაშინ ანალოგიური ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშიც განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ, კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი კვლავ აღადგინა. აღნიშნული ჩანაწერი საპარლამენტო იმუნიტეტის იმგვარ ფარგლებს ადგენდა, როგორიც კონსტიტუციაში უკვე აღარ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო კოლიზიას.

მოყვანილი რეტროსპექტივა მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მოტივაციას 2014 წლის შესწორებების განხორციელებისას.

საქართველო აღარ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები ნებისმიერი მოქალაქის და მით უმეტეს, დეპუტატის დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ჩვენ დღეს ვაშენებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელშიც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. მინდა შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მხოლოდ პრივილეგია და არც ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ჩვენი სტატუსი გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ განსაკუთრებით კანონმორჩილი, სამაგალითო მოქალაქეები!" - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner