logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები!..
- +

8 აგვისტო. 2020. 15:15

 

 

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი შეუდრეკელი ქართველი ჯარისკაცები გიორგი ანწუხელიძე და ვახტანგ გზირიშვილი და აფხაზეთის ომის გმირი ზურაბ იარაჯული.

 

 

 

2004 წელს უმცროსი სერჟანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (სიკვდილის შემდგომ) გიორგი ანწუხელიძე მონაწილეობდა ცხინვალში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში. 2005–2006 წლებში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. 2008 წლის 9 აგვისტოს განხორციელებული ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ გიორგი ტყვედ ჩაუვარდა ოს სეპარატისტებს, რომლებმაც უმოწყალო წამებისა და დაკითხვის შემდეგ იგი ცემით მოკლეს, ცხინვალის მე-5 სკოლასთან მდებარე ძმათა სასაფლაოზე.

 

 

აქვე გავიხსენებ კიდევ ერთ გმირს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს (სიკვდილის შემდგომ), კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს, რომელიც მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. იგი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის შესასვლელთან განხორციელებულ დაბომბვას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

 

 

არ შემიძლია, აქვე არ გავიხსენო უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული, გმირი მეომარი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (სიკვდილის შემდგომ), რომელიც 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა სოფელ შრომის მიმართულებით. ქართველმა მფრინავებმა მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აფხაზეთში განხორციელებული მეორე იერიშის დროს ზურაბის სუ-25 მტერმა ჩამოაგდო. მან მოასწრო კატაპულტირება და მისი პარაშუტი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დაეშვა. გმირი ქართველის შემდგომმა საქციელმა და ვაჟკაცობამ მტერიც კი აღტაცებაში მოიყვანა! თურმე, ზურაბს ალყა შემოარტყეს, დაგვნებდიო, უარის შემდეგ კი, სანამ მოკლავდნენ, მტერს „მაკაროვით“ იგერიებდა, ორი მოკლა, ერთი დაჭრა და უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა.

 

მიცვალებულების გაცვლის დროს აფხაზებმა მხოლოდ ზურაბის მამა გადაუშვეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და შვილის საფლავი ანახეს. გმირი ქართველი მტერს ცელოფანში გაეხვია და ისე დაეკრძალა, რაც, ომის პირობებში, თურმე, დიდ პატივად ითვლება. მერე ჩეჩნებს უთქვამთ, ვაჟკაცი შვილი გყავდათ და ჩვენც ვაჟკაცურად დავკრძალეთო.

 

დიდება და არდავიწყება ჩვენს გმირებს!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner