2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე -ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, დავით ფეიქრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახალციხის ცენტრალურ სკვერში შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ახალციხის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა (აბრამაშვილმა) კი გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, სამცხე-ჯავახეთიდან, 6 ჯარისკაცი შეეწირა;
32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან იყო. იგი, გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ომი რომ დაიწყო. თამაზი, 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპა.
თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიაშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა მედლებით: ''მხედრული მამაცობისთვის'' და ''სამშობლოსათვის თავდადებული''. მისი სახელი ქვია ახალქლაქის ერთ–ერთ ქუჩას, ასევე სოფელ კოთელიის საჯარო სკოლას, რომელიც 2012 წელს გახისნა.
III ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, ალექსანდრე ზაზაშვილი ადიგენიდან იყო; ცხრა აგვისტოს, ცხინვალში სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა დაბომბილი ტერიტორიიდან დაჭრილები გაჰყავდა; იგი ტანკზე იჯდა, როცა კასეტური ბომბი ჩამოვარდა... ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს ადიგენის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა.
27 წლის დევი ჩადუნელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანიდან იყო. მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. დევიმ სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა და კიდევ აპირებდა წასვლას. დევი ჩადუნელი, ცხრა აგვისტოს, ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებენ, წინა ხაზიდან დაჭრილები გამოყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშან-ჟილეტი გაუხდია და მისთვის მიუფარებია; მისი მეგობრები ყვებიან, რომ წელს ზემოთ შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო“.
ცხინვალში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ, რუსულმა მხარემ მათი დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც გამსკდარი ჭურვი დევი ჩადუნელს მარცხენა მხარში მოხვდა;ახლოს ტაძარი იყო და ბიჭებისთვის უთქვამს ტაძართან მივიდეთ, იმასაც ხომ არ დაბობმავენო, მაგრამ მანამდე დაიჭრა. მერე ტაძრის კედელთან მიმჯდარა და ბიჭებს ეუბნეოდა დამტოვეთ და თქვენ წადითო. დაჭრილმა რამდენიმე საათი გაძლო, სასწრაფო დახმარებამ ვერაღ მიუსწრო“...
გარდაცვლილი დევი ჩადუნელი, ბრძოლის ველიდან, თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. კაპრალი დევი ჩადუნელი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით''მხედრული მამაცობისათვის''.ადიგენში, ერთ–ერთი ქუჩა, მის სახელს ატარებს.
არტემ ბალახაშვილი სოფელ უდეს მკვიდრი იყო, ქუთაისის მესამე ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. იგი 11 აგვისტოს, სოფელ ბროწლეთთან, რუსების მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. არტემის მამა, გურამ ბალახაშვილი, უკვე 11 წელია, შვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირს ატარებს. უდეს პირველ საჯარო სკოლასთან არსებული მინი სტადიონი, არტემ ბალახაშვილის სახელობისაა. ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი ჰქვია ადიგენში ერთ–ერთ ქუჩასაც.
24 წლის, წარმოშობით ახალციხელი კაპრალი, ანზორ გელდიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო; 11 აგვისტოს, გორის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა; მისი თანამებრძოლების იხსენებენ,რომ 8 საათი ებრძოდა დაჭრილი სიკვდილს, მოძღვარი მოუთხოვია ბოლოს, მამა სერაფიმემ აზიარა, თურმე, სიკვდილის წინ; დაჯილდოვებულია მედლით''მხედრული მამაცობისათვის''.
20 წლის კაპრალი, ტარიელ ქამაშიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანიდან იყო; III ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; 9 აგვისტოს,მისი ბრიგადა, ცხინვალში შევიდა; ახალგაზრდა კაპრალის ოცეული სამთავრობო შენობასთან ჩასაფრდა. სწორედ იქ იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ, ორმხრივი სროლის დროს. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.