logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ერთ სულ მოსახლეზე საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა
- +

9 აგვისტო. 2020. 02:05

 

 

ერთ სულ მოსახლეზე დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე.

 

როგორც მან აღნიშნა, 180 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერა სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ხოლო 130 მლნ ევრო მიიმართება რეგიონული პროექტების განვითარებისკენ.

 

„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან მიღებული 180 მლნ ევრო სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ასევე, პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შერბილებასა და კომპენსაციებს. 130 მლნ ევრო გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისთვის. კერძოდ, 80 მლნ ევრო მოხმარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. როგორც ცნობილია, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე იწყება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. შესაბამისად, ამ პროექტის დასრულებისთანავე, ყაზბეგშიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტობანის დასრულების შემდეგ, რეგიონი სრულად იყოს ინტეგრირებული ამ მნიშვნელოვან პროექტთან. დარჩენილი 50 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოხმარდება იმერეთის რეგიონის განვითარებას. კერძოდ, ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში წყლის მომარაგებას და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას. მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, გერმანია იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას, მის ელჩს საქართველოში, ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner