მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაჩი ცაგურიას მიმართავს. მიმართვა გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს რკინიგზის" მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი შესაძლოა გვირაბებში ვერ გაეტიოს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაჩი ცაგურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „პირველად მეგონა, რომ ხუმრობდნენ... მერე... რომ ჩამოვა ეს მატარებელი და გაეტევა იმ გვირაბში, თუ მოიხდის ეს პარტია ბოდიშს?"
აღნიშნულზე კი ნუგზარ ფოფხაძე კომენტარს აკეთებს:
„დაჩი, სულ ტყუილად გგონია, რომ თქვენს ოპონენტებს აქვთ დახვეწილი იუმორის გრძნობა. მათ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის სურვილი და საკმაოდ კარგად იციან ეს საქმე. ისინი მშვენივრად ფლობენ „პიარის" ხელოვნებას და გაიძულებენ არა მარტო მათ სასარგებლოდ მუშაობას, არამედ მუდმივად გაყენებენ თავის მართლების რეჟიმში. თანაც, დივიდენდებს იღებენ უფასოდ და აქეთ განერვიულებენ.
რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევ მათი მხრიდან ასეთ კონკრეტულ „ამოვარდნებს", მით უკეთესია თქვენთვის. თქვენი აქტიურობით და „ფაცი-ფუცით", ნებსით თუ უნებლიეთ, დიდ პროპაგანდას უწევთ მათ.
კონკრეტული ფაქტებით და მონაცემებით გაჯერებული, დამაჯერებელი და საფუძვლიანი განმარტებებით თქვენ მუდმივ რეჟიმში უნდა იმუშაოთ მოსახლეობის ინფორმირებაზე, უნდა გქონდეთ მასთან მუდმივი კავშირი, დიალოგი. ეს კი ნამდვილად გაკლიათ, არა მარტო თქვენ, რკინიგზელებს, არამედ სხვა სტრუქტურებსაც, სხვა სფეროებშიც. თუ ფიქრობთ, რომ ბ.ივანიშვილის და პრემიერის „შეხვედრები" ავსებს ამ ხარვეზს, ცდებით. თანაც, მაგრად! ნუ დაივიწყებთ, რომ სიცარიელეს ყოველთვის ავსებს ის, ვინც ჭკვიანი და მარდია! და აუცილებლად, თანმიმდევრული! მუდმივ რეჟიმში მომუშავე!
ამ შემთხვევაში რეალობა ხდება ანდაზა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.
გადაეცი ეს მეგობრული რჩევა სხვასაც.
და დაამატე: იუმორი გადაარჩენს... მთავრობასაც!"