საქართველოში COVID-19 კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს, თუმცა ის არაა ინფიცირებული ექიმის კონტაქტი.
26 წლის ქალი ზღვაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და თვალების წვისა და თავის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებას გამოკვლევისთვის მიმართა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ მას კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანენ, ხვალიდან კი ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების შესწავლას დაიწყებენ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი მათგანი გაჩიანის კლასტერს მიეკუთვნება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.