პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთის რეგიონიდან იწყებს. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ხვალ წარუდგენს.
წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, ირაკლი ქადაგიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და ის მნიშვნელოვანი შენაძენია „ქართული ოცნებისთვის“.
„ირაკლი ქადაგიშვილი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი შენაძენია „ქართული ოცნებისთვის“. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ის კახეთის გუბერნატორი იყო და ძალიან კარგად იცნობს მთლიანად კახეთის რეგიონს. გვაქვს მოლოდინი, რომ ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო კამპანია იქნება ძალიან აქტიური და კონკრეულ პრობლემებზე კონცენტრირებული. როგორც გუბერნატორობის დროს, თავისი პროფესიონალიზმი და წესიერება რეგიონის კეთილდღეობას მოახმარა, ვიმედოვნებ, რომ ასეთივე აქტიური იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნება“ ძალიან საინტერესო პროგრამით წარდგება ამომრჩევლის წინაშე.
„ქართულ ოცნებას“ დღეს აშკარად მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ჩვენ ძალიან სერიოზული მუშაობა მოგვიწევს ამომრჩეველთან და გვექნება ძალიან საინტერესო საარჩევნო პროგრამა, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მოხდება გააზრება წარსულის წარმატებებისა და ასევე გააზრება იმ პრობლემებისა, რაც ზოგადად ქვეყანაში და რაიონებშია“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.