„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიგლა ბარამიძე კომპანია „ფრონტერას" ინფორმაციას, აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის შესახებ, არ ენდობა. როგორც ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ფრონტერა" მსგავსი ტიპის განცხადებებს წლების წინაც აკეთებდა, თუმცა, რეალური შედეგი დღემდე არ დამდგარა.
„10 წლის წინაც თქვა ამ კომპანიამ, რომ კახეთში აღმოაჩინეს „კლონდაიკი", მაგრამ შედეგი ვერ ვნახეთ. თუ ასეთივე განცხადებას აკეთებენ ახლაც, მაშინ იმედის საფუძველი არ არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მარაგები არ გვაქვს. ღმერთმა ქნას, რომ გვქონდეს მარაგები, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს.
თუმცა, ამავე დროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შავი ზღვის შელფში არის ნავთობის მარაგი, მაგრამ ძნელად ამოსაღებია, მილიარდები სჭირდება მის ამოღებას. ჯერ არ სჭირდებათ სხვა ქვეყნებს ეს ნავთობი, თორემ იქაც შემოვლენ ამ საქმის განსახორციელებლად", - განაცხადა ბარამიძემ.