მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სვანეთში ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მართვის მიზნით შტაბი დიდი ხანია შექმნილია. მათ უკვე დაუგროვდათ გამოცდილება, თუ როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას მსგავს შემთხვევებში.
„მესტიაში სიტუაციას ართულებს ის, რომ იქ ძალიან ბევრი ტურისტია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი დისკომფორტი მინიმალური იყოს. დისკომფორტი ცხადია არის, როდესაც ჩადიხარ დსასვენებლად და უცებ აღმოჩნდება, რომ იქ ეპიდემიის ახალი კერა ჩნდება, ეს არ შეიძლება დისკომფორტს არ წარმოადგენდეს. ფაქტობრივად, დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში მუშობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ.“
მისივე თქმით, მოსახლეობის გადადგილების გაკონტროლება დაახლოებით, ხაიშსა და ჯვარს შორის დაიწყება.
სუბარი დარწმუნებულია. რომ პროდუქტის მარაგთან დაკავშირებით სვანეთში პრობლემები არ შეიქმნება, რადგან ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სმინისტრო აქტიურადაა ჩართული.