logo_geo
eng_logo
„პირველი წელია ასეთი განწყობა ვიგრძენი, მეწყინა” – ზურა ყიფშიძე 67 წლის გახდა
- +

11 აგვისტო. 2020. 00:25

 

 

ზურა ყიფშიძე იუბილარია. თეატრისა და კინოს მსახიობი 10 აგვისტოს 67 წლის გახდა. როგორც “პრაიმტაიმს” მსახიობის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე უმხელს, ზურას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, ამ დღეს სახლიდან მიდის და საერთოდაც, მისი რანგის არტისტისგან განსხვავებით, ძალზედ თავმდაბალია.

 

 

იუბილარი ამჟამად თბილისშია. 20 აგვისტოდან ზღვისპირა ზოლში მიემგაზრება, სადაც “პირველი არხის” გადაცემისთვის “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” გადაღებები ეწყება.

 

 ლენამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებულად ბევრი უცნობი მაყურებელი ეხმიანება და თავის გულისტკივილს გამოხატავს, რომ ზურა ყიფშიძის რანგის მსახიობის დაბადების დღე ყოვლად უჩუმრად და აღნიშვნის გარეშე გადის.

 

 ლენა ყიფშიძე: – თავისი დაბადების დღე არ უყვარს. გარბის სახლიდან. ჩვენ დილიდან დავიწყეთ მზადება. ჩემი ძმისშვილი, ნატალია ტორტს უცხობს, ჩემი შვილი ნიკუშაც მზადებაშია და ამ დროს ზურამ – მე წავედი, საქმე მაქვსო, “დაგვაიგნორა”. აღნიშვნა არ უყვარს. კახეთში ვიყავი და გუშინ, 12 საათი რომ გახდა, ყველამ დავურეკეთ, ზურა, გილოცავთო, ატყდა სადღეგრძელოები. მამამ დაიმორცხვა, მოერიდა.

 

 

 

 

 

 

 

სულ ასე იყო, მორიდებული და ზედმეტად თავმდაბალია. ასე არ შეიძლება. ვეუბნები, რომ წელიწადში ერთხელ გაქვს უფლება, ეს ერთი დღე შეიფერო-მეთქი. არა, არ უნდა, ჩხუბობს. მეც აღარ ვეკამათები. ვიცი მამაჩემის ხასიათი. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ, მე და ზურა ამიტომ ვმეგობრობთ. ხშირად ვჩხუბობთ, ვებუტებით ერთმანეთს. ზუსტად ვიცი, რა მომენტში აფეთქდება, რა დროს მეჩხუბება, რა ესიამოვნება.

 

 ვერავინ ვერ აღვიქვამთ, რომ 67 წლის გახდა. შინაგანად ახალგაზრდულია, სულ ასეა. ვეუბნები ხოლმე, ხომ არ დაგავიწყდა, რომ პატარა აღარ ხარ-მეთქი. ახალგაზრდული ემოცია, ქცევა აქვს ისეთი, დადებითი. ემოციური და გულჩვილია. ეს ყიფშიძეების მახასიათებელია. ყველა ასაკს ერგება. ვერ აღვიქვამ, რომ ამ ასაკის არის. მგონია, რომ 25 წლის არის. შვილიშვილებთან იმ ასაკის ხდება, რამდენისაც ისინი არიან.

 

 დილიდან უცხო ადამიანებისგან მე ვიღებ მესიჯებს – რატომ არ მიულოცეს ზურას დაბადების დღე? რატომ არ გაჟღერდა ტელევიზიით? ამ რანგის მსახიობია და 67 წლის გახდა, რატომ არაფერი ითქვა ამაზეო? მე რატომ მწერენ, არ ვიცი. თუმცა ეს ფაქტი ნამდვილად საწყენია. ხალხი გამოხატავს გულისწყვეტას, რომ ზურას საჯაროდ არავინ ულოცავს. პირველი წელია, რომ ასეთი განწყობა ვიგრძენი. თვითონ არ იმჩნევს, ამას ვერავინ იგრძნობს მისგან. მე მეწყინა.

 

 

ზურასთვის მთავარია, ოჯახის წევრები ჯანმრთელად ვიყოთ. რაც ასაკი მოემატა, ზედმეტად ყურადღებიანი და თბილი გახდა. მე კი არასდროს მაკლდა მამისგან ყურადღება და სითბო, მაგრამ ახლა ზედმეტად მზრუნველია. დედას რომ რამე სჭირდება, უსიტყვოდ დგება და მოაქვს. წამალია, პროდუქტია, ყველაფრით ამარაგებს ოჯახს. არ ეზარება. რამე თუ დაავიწყდება, მაშინვე ჩაბრუნდება ამოსატანად. ბავშვური და საყვარელია. ძაღლთან ერთად წავა, იყიდის, მოიტანს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცოდოა ეს კაცი, ერთხელაც გადაიწვება-მეთქი.

ზურა და ძაღლები ცალკე თემაა. ჩვენი ძაღლი ბაგი რომ ასაკში შევიდა, მოვუყვანე მეორე, ბენი. რატო მოიყვანეო, ჩხუბობდა. მე კიდე ვიცოდი, ბაგი რომ მოკვდებოდა, ზურა გადაყვებოდა. ამიტომ მოვუყვანე ახალი ძაღლი. ბაგი რომ მოკვდა, ზურას სახე და ტირილი რომ დავინახე, ლამის მოვკვდი. სულ მასთან ერთად დადიოდი. დღეს მლოცავს, კიდევ კარგი ბენი მომიყვანეო. ესეც კანე კორსოა.

 

 მამა ზოდიაქოს ნიშნით ლომია. ხმით და ხასიათით ნამვილი ლომია. არ უნდა გააღვიძო. ზურასი ეშინიათ და მე მწერენ, შეიძლება დილით დავურეკოო? არა, 12-1 საათამდე არ დაურეკოთ, თორემ ცუდ ხასიათზე იქნება-მეთქი.

 

ზოგადად უძილობა აწუხებს, ფიქრობს, ნერვიულობს, ემოციურია, ყველას ყველაფერს განიცდის. ღამე ჯაზს ან კლასიკას ჩართავს და მოსმენისას იძინებს. 4-5 საათამდე ძალიან უჭირს დაძინება. ამიტომ ვცდილობთ, შუადღემდე იძინოს. გიჟდება შვრიის ფაფაზე და ყავაზე. მისგან ცნობილი ფრაზაა – გაგიკეთო ფაფა? მაგრამ თვითონ დარბის, ფაფა გამიკეთეთო. ჩვეულებრივი იტალიური, ხმაურიანი ოჯახია. ერთი დღე დარჩით და მიხვდებით, ჩვენს ოჯახში რა ხდება. არ მოიწყენთ, მაგრად გაერთობით. მე უკვე ბოლოს ვიღლები.

 

 ჭამა უყვარს. ყველი ზურას უსაყვარლესი განუყრელი პროდუქტია. ყველაფერთან ერთად მიირთმევს. კახეთიდან საოცარი ყველი გამოგვატანეს, იუბილარ ბატონ ზურას წაუღეთო. ჩემი ოჯახი ასოცირდება ყველთან. თუ სახლში ეს პროდუქტი არ გვაქვს, მამა თვლის, რომ საჭმელი არ გვაქვს.

 

 დავაფიქსირე, რომ ტკბილეული და სმუსნაობა შეუყვარდა. ბევრჯერ გამოვიჭირე, რომ საწოლთან კანფეტები უდევს. ცომეული, ნამცხვრები და ტკბილეული მოაქვს. ვეუბნები, ქალები ვერიდებით ცომეულის ჭამას-მეთქი.

 

 დედას ასთმა აქვს, მამასაც მიდრეკილება აქვს. ორივე საოცარი მწეველია. ზურა ექიმმა რომ გასინჯა, გაოცებული იყო. ასეთი მწეველია, მაგრამ ფეხით სიარულის გამო ფილტვებზე საერთოდ არ გეტყობათ, რომ მწეველი ხართ. ამან ბევრი რამისგან გადაგარჩინათო, უთხრა. სულ ფეხით დადის. ხილიანიდან ფეხით დადის თეატრში, თეატრიდან კიდევ – სხვაგან. ახლა ორივეს ერთი მანქანა გვყავს. ვეუბნები, ძალიან ცხელა, წადი მანქანით-მეთქი. არა, ფეხით მიდის. ისე, სპორტული მანქანები მოსწონს. ორკარიანი BMW მინდაო, ამბობდა ხოლმე. რამდენიმე წელი ჰყავდა და შვილივით უვლიდა.

 

 ვგიჟდები “როცა აყვავდა ნუშზე”, ვდნები რომ ვუყურებ. ზურა ვერ იტანს ამ ფილმში თავის თავს. რატომ არ გიყვარს ეს როლი-მეთქი, ვეკითხები. “ტორტიკივით” ბიჭი ვარო.

როცა აყვავდა ნუში (1972) - Rotsa akvavda nushi ქართულად - iMovies

 

“როცა აყვავდა ნუში” თავისი პრობლემატიკით არასდროს კარგავს აქტუალობას. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, “პრაიმტაიმთან” იხსენებს, ზურას პირველ გამოჩენას.

 

ლანა ღოღობერიძე: – ზურა დავინახე თუ არა, მასში განსაკუთრებული ინდივიდუალობა და მსახიობობისადმი მიდრეკილება შევნიშნე. გამორჩეული პიროვნებაა. ყველანაირად მომწონს. ტალანტით დაღდასმულია. მისი გარეგნობა თავისთავადი მოცემულობაა. ბედნიერებაა, როდესაც მსახიობს ასეთი გარეგნობა აქვს. ახალგაზრდა და ახლა, ამ ასაკის ზურა თითქოს სხვადასხვა, თუმცა ორივე საინტერესო და ინდივიუალურია. სხვებისგან გამორჩეული ყოველთვის იყო. ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნოა.

 

 “როცა აყვავდა ნუშის” შემდეგ ზურა ძალიან პოპულარული გახდა. მან ჩემს ბოლო ფილმში “ოქროს ძაფშიც” ერთ-ერთ მთავარ ითამაშა. ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსადმი მისი პერსონაჟი გამოხატავს.

 

 ძალიან მნიშვნელოვანია ზურას არსებობა კინოშიც და თეატრშიც. ნიჭიერია და ეს ყველაფერში ჩანს – სამყაროს აღქმაში, დამოკიდებულებაში, მოძრაობაში. ჩემთვის თავიდანვე ასეთი იყო ზურა.

 

მას თავისი პოტენციით და ნიჭიერებით შეეძლო მსოფლიო ვარსკვლავი ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ ამაში. ბედი და იღბალი დიდ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ბევრს მიაღწია, მაგრამ ცხადია, მეტის პოტენცია აქვს.

 

თეატრში საინტერესო როლები აქვს ნათამაშები, მათ შორის, თემურ ჩხეიძის ორ სპექტაკლში. მაესტრო იუბილართან მუშაობაზე გვიყვება.

 

თემურ ჩხეიძე: – კარგად მახსენდება ის ორი მასალა, როდესაც ერთად ვიმუშავეთ. ეს იყო სტრინდბერგის “მამა” და იასმინა რიზას “Art”-ი. ძალიან ნიჭიერი კაცია. მომყვება, არის მომენტები მეც მივყვები. ხანდახან უფრო მოკლე გზას პოულობს იმისკენ, რასაც ვეუბნები. ჩემთვისაც უაღრესად საინტერესოა. აქტიორული ალღო აქვს. სპექტაკლში “მამა” ხედავ, როგორ ხვდება, აი, აი, როგორ ჩაეწვეთება ეჭვიანობის პირველი წვეთი. მერე მთელი პიესა ვუყურებთ, როგორც ლაბორატორიაში, ისე ვაკვირდებით, როგორ დაავადდება ეჭვით. ვერაფერი ვეღარ შველის. ეს შიზოფრენიის გარკვეული ფორმაა.

 

ტოლსტოის “ანა კარენინაზე” წამძღვარებული აქვს ფრაზა – “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, მაგრამ ყველა უბედური თავისებურადაა უბედურიო”. ყველა ნიჭიერი ადამიანი ასევე თავისებურად გამორჩეულია, ზურაც მათ შორის…

 

  

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner