მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე კორონა არსად წასვლას და კაცობრიობისთვის თავის დანებებას არ აპირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„იმედია მანამდე ეფექტური ვაქცინები იქნება, რაც მეტ-ნაკლებად კიდევ უფრო მოგვცემს საშუალებას, რომ სიტუაცია ვმართოთ. მანამდე რაც არის კორონასთან ბრძოლის საშუალება, რომელიც ჩვენი წინის წინა თაობის ეპიდემიოლოგების და იმაზე უფრო ადრეც კი არის მოგონილი, დღესაც სამწუხაროდ იმ მეთოდებით ვსარგებლობთ. ეს არის: ნიღაბი, დახურულ სივრცეში და როცა დისტანციის დაცვა არ შეგვიძლია ღია სივრცეშიც და ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანა, ეს არის დღეს ჩვენი ვირუსთან ბრძოლის ძირითადი საშუალებები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.