logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მივესალმები ბატონ გოგი თოფაძეს, რომელმაც იცის, რა გადაიტანა ჟვანიას ოჯახმა!
- +

11 აგვისტო. 2020. 18:38

 

 

 

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ მის ვაჟს, 24 წლის ბუსა ჟვანიას, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრის გამო პატიმრობა შეფარდა. პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე. დღევანდელი სიტუაცია ასეთია: ოპერაციის შემდეგ ლევან თოფაძე კლინიკიდან გაწერილია და სახლში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო ბუსა ჟვანია დაკავებულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით გვესაუბრებიან ზურაბ ჟვანიას მეგობრები ხათუნა ხოფერია და დავით ოქიტაშვილი.

 

ხათუნა ხოფერია:

 

– ჩვენ, ზურას მეგობრებმა, ვერ შევძელით ვერც მისი მკვლელობის გახსნა და ვერც საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა. გვეგონა, 2012 წლის შემდეგ გამოძიება ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი, დამნაშავეს დამნაშავე დაერქმეოდა, გასასამართლებელი გასამართლდებოდა და საქმე დაიხურებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ზურას საქმე დღესაც თაროზეა შემოდებული. არადა, უვე 15 წელი გავიდა. ზურას გარდაცვალების დროს მისი შვილები პატარები იყვნენ, მამის არყოფნის ტკივილით გაიზარდნენ, თან ისეთ გარემოში, სადაც მოწინააღმდეგე მხრიდან მათი მისამართით მუდმივად მოდიოდა მუქარები, ზეწოლა, სიბინძურე. ძალიან რთულია ასეთ ატმოსფეროში ბავშვების გაზრდა, დანაშაული ჩადენილია არამარტო ქვეყნისა და ზურას ოჯახის, არამედ ყოველი ჩვენგანის წინაშე!

 

– როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რაც გასულ კვირას ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის მოხდა?

 

– ბუსას საქციელს გამართლება არა აქვს და მჯერა, ღირსეულად მოიხდის სასჯელს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ბუსას დედის – ნინოს საქციელი (მეც ორი ვაჟის დედა ვარ და ზუსტად ვიცი, რისი გავლაც მოუწია), როგორც შეგნებული ქალბატონის და დიდი ადამიანის, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს შვილის გასასამართლებლად და დასაცავად. არც ჩვენ ვამართლებთ, მაგრამ ამ ყველაფერში საკუთარი თავი რომ დავიდანაშაულოთ, ამის უფლებას ვერავინ წაგვართმევს – დიახ, ჩვენ ხალხს სამართლიანობის აღდგენას დავპირდით, მაგრამ დამნაშავეები არ დასჯილან! არც ზურას საქმეზეა ვინმე დასჯილი და არც იმაზე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაუკეთეს ქვეყანას.

 

მადლობა ღმერთს, ბუსას მიერ დაჭრილი ლევან თოფაძე გადარჩა. მას საოცრად კარგი მამა ჰყოლია – ირაკლი თოფაძე, რომელმაც პირველივე დღიდან ბუსას უფლებების დაცვა დაიწყო და ვერაფრით ათქმევინეს, რომ მას ადანაშაულებდა. ეს იყო დიდი ადამიანის საქციელი. მადლობა ბატონ გოგი თოფაძეს, რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდა, მადლობა მათ თანაგრძნობისთვის. ბატონ გოგის შვილიშვილი უკვდებოდა, არ იცოდა გადარჩებოდა თუ არა და როცა გაიგო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ბუსას დედას დაელაპარაკა.

 

– ბუსა მამას ჰგავს?

 

– სიარულის მანერით ძალიან ჰგავს, ხმას რომ ამოიღებს, თვალწინ ზურა წარმოგიდგებათ, თბილი, და განათლებული ბავშვია. როცა ესტუმრები, ღიმილით გვხვდება, უხარია მის გვერდით რომ ხარ. გამოირჩევა შინაგანი კულტურით. წარმოდგენაც მიჭირს, მასა და ლევანს შორის რა უნდა მომხდარიყო. მთავარია, ბუსა მიხვდეს, რომ არასწორად მოიქცა!

 

– რამდენიმე წლის წინათ ბუსა ჟვანია გიორგი ბარამიძესაც ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაუსწორდა...

 

– მამის მკვლელობამ და მკვლელების დაუსჯელობამ მასში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. ქვეცნობიერში აგრესია დაგროვდა, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გამოვიდა. ბუსას საზოგადოებაში თავის დაცვა უწევდა, საკუთარი პიროვნების დამკვიდრება იმ გარემოცვაში, სადაც ახალგაზრდები უკვე მენტალურად შეცვლილნი იყვნენ, უფროსებს როცა პროტესტი გვიჩნდება, ხმამაღლა ვამბობთ – „ორთქლს ვუშვებთ“, მაგრამ მოზარდში პროტესტის სხვა ფორმით იჩენს თავს.

 

რაც შეეხება ბარამიძეს, ის ერთ-ერთია, რომლის მსგავსი მატყუარა და ცბიერი ადამიანებისგანაც ბუსას თავის დაცვა უწევდა. ვიცი, რომ ბარამიძეს უბრალოდ ხელი დაარტყა და ასეთი ფორმით დაამთავრა მასთან ურთიერთობა. ადამიანები, რომლებთანაც ლაპარაკი არ ღირს და ისინი მაინც ცდილობენ კონტაქტში შემოსვლას, ამ შემთხვევაში ძალით უნდა დაიცვა ღირსება. მერჩივნა, მე გადამყროდა სადმე ბარამიძე და ცემაში გამებერა!

 

– ბუსას სასამართლო პროცესს დაესწარით?

 

– არა, ამ ბავშვების წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლი, ისინი თანატოლები არიან, ერთად უნდა გააგრძელონ ცხოვრება და ჩვენი ვალია, ისე დავალაგოთ ეს ურთიერთობები, რომ სამართალმა იზეიმოს. მათ უკან ისეთი ღირსეული ადამიანები დგანან, რომლებმაც იციან, როგორ მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში.

 

კარგი კაცისა თუ ქალის სახელის მოპოვება ადვილი არ არის – ეს შეძლეს როგორც ლევანის, ისე ბუსას მშობლებმა, ვისურვებდი, მათ შვილებსაც ღირსეულად გაეგრძელებინოთ გზა და საზოგადოებაში თავიანთი ადგილი ეპოვოთ.

 

დავით ოქიტაშვილი:

 

– როგორც ჟვანიების ოჯახის მეგობარი, ბატონ გოგი თოფაძეს ბოდიშს ვუხდი! პირველივე დღეს ბოდიში მოიხადა ბუსას დედამაც და სხვაგვარად ვერც კი წარმომიდგენია. მივესალმები ბატონ გოგის, რომელმაც იცის, რა გადაიტანა ჟვანიების ოჯახმა და თავისი განცხადებით ზუსტად ამ მიმართულებას გაუსვა ხაზი, როცა თქვა, შვილიშვილი დამიჭრეს, გაბრაზებული ვიყავი, რადგან ბავშვი გადარჩა, ნინოს (ბუსას დედას) დაველაპარაკებიო.

 

ბატონი გოგი და ზურა ჟვანია მეგობრები იყვნენ, ამ ოჯახებს ერთმანეთთან მხოლოდ ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდათ.

 

– რას გაუსვა ხაზი გოგი თოფაძემ?

 

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბუსას საქციელს გამართლება არა აქვს და ის ღირსეულად შეხვდება სასჯელს, მაგრამ აქვე დავამატებ – ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს, წლების განმავლობაში დაგროვილი აგრესია აუცილებლად იჩენს თავს და იფეთქებს.

 

ბუსას მამის მკვლელობის საქმე ჯერაც გამოუძიებელია, ამ ბავშვში უსამართლობის განცდამ ჩაიბუდა, ვერ ჩამოვთვლი, რაც ამ ოჯახმა შეურაცხყოფა და უსამართლობა გადაიტანა.

 

მივმართავ და ვთხოვ სახელმწიფოს, გამოიძიოს ზურა ჟვანიას საქმე. ნუ ათქმევინებთ ხალხს, რომ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ პრემიერ-მინისტრის საქმე. ამ უსამართლობის შეგრძნებით გაიზარდა ზურას შვილი – ბუსა ჟვანია, რომელიც მამის მკვლელობის დროს 9 წლის იყო. ახალგაზრდა ბიჭს როგორ აეტანა, როცა სოციალურ ქსელით თუ ტელევიზიით მამის მისამართით ორაზროვანი სიტყვები ესმოდა. ამიტომ საშველი უნდა დაადგეს ჟვანიას საქმეს, ამას მოვითხოვთ!

 

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ბუსა ჟვანიასთან?

 

– ბუსა ძალიან კარგი ადამიანია, ამიერიკაში სწავლობდა, მაგისტრატურაში უნდა გაეგრძელებინა – დედამისი ძალზე გახარებული იყო, ვერც კი წარმომიდგენია მისგან ეს საქციელი, რადგან მოხდა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ბატონ გოგი თოფაძის შვილიშვილს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

ზურა ჟვანიას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბუსა ჟვანია ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც იმ მანქანას, რომელშიც ის იჯდა, ავტომანქანა აედევნა და შეშინების მიზნით საავვარიო მანევრი წამოიწყო. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ზურაბ ჟვანიას მეგობარი ბადრი პატარკაციშვილი. ზემოხსენებული შემთხვევის შემდეგ, ბავშვის დაცვის მიზნით, მასზე ზედამხედველობას ახორციელებდა პატარკაციშვილის დაცვა და ვინმეს რომ არ დაენახა ან მისი მიმართულებით არ ესროლა, რაღაც პერიოდი ბავშვს ბინის ფანჯრებს არ აკარებდნენ, თან იატაკზე აძინებდნენ. ჟვანიების მეგობრის მანჩო გიორგობიანის ინფორმაციით, ამ ფაქტის შესახებ თავად ბუსა ჟვანია მეგობრებთან ჰყვებოდა. პატარკაციშვილის სიკვდილი მან ძალიან მტკივნეულად განიცადა, უფროს მეგობრად თვლიდა, რომელიც სკოლაშიც აკითხავდა და მამის მაგივრობასაც უწევდა.

 

ბუსა ჟვანიას სახელმა 2015 წლის 30 ივლისსაც მიაქცია ყურადღება, როდესაც ბათუმში, ერთ-ერთ სასუტმროში გია ბარამიძე სცემა. იმ პერიოდში ბუსა ვანია არავის დაუდგმია, პირიქით, ამბობდნენ, რომ გია ბარამიძეს ზურა ჟვანიას ღალატის გამო სამართლიანად გაუსწორდნენ.

 

ამჯერად კი, გავრცელებული ინფორმაციით, ბუსა ჟვანია ლევან თოფაძეს მეგობარი (ყოფილი შეყვარებული) გოგონას გამო დაუპირისპირდა. სოციალური ქსელით ვრცელდებოდა ბუსა ჟვანიასა და ამ გოგონას – თინა ხუნწარიას ფოტოები. მანჩო გიორგობიანის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ გაამწარა ეს ბავშვები და ვინ წააქეზა ერთმანეთზე ბუსა და ლევანი.

 

ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დღემდე გრძელდება ზურაბ ჟვანიასა და მისი ოჯახის შეურაცხყოფა. ნაციონალმა მეგი გოცირიძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში ასე დააფიქსირა: „ჟვანიას ბიჭს ფსიქიკა აქვს შერყეული და ბუნებრივიც არის, დედამისმა და ბიძამისმა ფულის სანაცვლოდ მამამისის უკანალი ბაირაღად აქციეს, რაც მიშას მამამისის გამო ტალახი ესროლეს და მიშამ მაინც ნამუსი შეუნახა, თავზე ჩამოახიეს ყველაფერი და ნამუსი ახადეს. რაც წამოიზარდა ეს ბავშვი, სულ შარშია გახვეული, აქეთ-იქით იყურება, რომ არავინ წამოაძახოს მამამისზე რამე, ახლა თოფაძის შვილიშვილი დაუჭრია და იმ ბიჭის დაჭრას, ბიძამისი უნდა მიება მამამისის საფლავზე! ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა...“

 

ალბათ, ფსიქოლოგები ახსნიან, რა შთაბეჭდილებები ილექება იმ ახალგაზრდა კაცის ქვეცნობიერში, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მამისა და ოჯახის მისამართით მსგავსი სიტყვები ესმის. ალბათ, ჟვანიების ოჯახი გასცემს პასუხს მეგი გოცირიძეს.

 

ბუსა ჟვანიას ახასიათებენ, როგორც განათლებულ და კულტურულ ახალგაზრდას, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის თანამშრომელია, თუმცა, წარსულში ექიმობასა და ადამიანების დახმარებაზე ფიქრობდა. რაღაც პერიოდი ქუთაისში საავადმყოფოშიც დადიოდა და ავადმყოფებს თანადგომას უწევდა.

 

მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედასთან, როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, ლევან თოფაძის დაჭრის მერე, თავადაც დაჭრილმა ბუსა ჟვანიამ ხეჩინაშვილის კლინიკას სხვისი სახელითა და გვარით მიაკითხა ერთადერთი მიზეზით – დედას რომ არ ენერვიულა. დედამ და შვილებმა ოჯახის უფროსის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების მერე, ერთად გადაიტანეს დედის – ნინო ქადაგიძე-ჟვანიასადმი წამოჭრილი ბრალდებები –ნამცხვრებითა და წიგნებით ვაჭრობაზე (ლიტერატურულ კაფეში). ბუსას ამის გამოც მოუწია ნერვიულობა, ერთგან განაცხადა: არ ვიცოდი, საკითხი ასე თუ იდგა, რომ  შეიძლებოდა დედა შუებისა და წიგნების გამო დაეჭირათ.

 

მამის შესახებ ბებია უამბობს, თვითონ კი მამასთან ერთად კენიაში მოგზაურობა ახსოვს – როცა 8 წლის გახდა და აფრიკელმა მასპინძლებმა დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს. მამის გარდაცვალებაზე ასეთი აზრი აქვს – „სიმართლე რომ ბოლომდე დაიმალოს, ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა, არ ვიცი, ახლა რატომ უნდა დაირღვეს ბუნების კანონი“.

 

ვფიქრობთ, გამოძიება სრულყოფილი იქნება და ბუსა ჟვანიას შემთხვევაში, ლევან თოფაძის მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონი სათანადოდ აღსრულდება ისე, რომ არ დაირღვეს!

 

 

მოამზადა ქეთავან ხამიცაშვილმა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner