logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ბაჩალიაშვილის მშობლებს ვურჩევ, თავიანთ ტრაგედიას „ნაცხროვასა“ და სხვა ლეშიჭამია სვავებს ნუ გამოაყენებინებენ!
- +

11 აგვისტო. 2020. 19:23

 

 

კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა აღმოაჩინა ექსპერტიზამ 23 წლის გოგოს პორტატულ კომპიუტერში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარების წინა დღეს – 2020 წლის 17 ივლისს, 18:36 საათზე „ფეისბუქის“ შესაბამის განყოფილებაში ინგლისურ ენაზე მოიძია ინფორმაცია – „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?“

 

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილმა „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერა სიტყვები: „ფეისბუქის“ ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

 

გამოძიების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შედეგად ისიც გაირკვა, რომ იგი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე – 2020 წლის 18 ივნისს, 00:16 საათზე „გუგლში ეძებდა ინფორმაციას „თვითმკვლელობის საუკეთესო გზების“ შესახებ, მანამდე ერთი წუთით ადრე კი შესული იყო ინტერნეტის თავისუფალ ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“ ლინკზე – „თვითმკვლელობის მეთოდები“.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაუჩინარების წინა დღეს „გუგლში“ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ამ პრეპარატებს ემთხვევა, რომლებიც მის ავტომობილში იქნა აღმოჩენილი...

 

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს, რაზეც პროკურატურამ თანხმობა უკვე განუცხადა.

 

პარალელურად, ბაჩალიაშვილის მშობლები ხელისუფლებას სხვადასხვა ულტიმატუმს უყენებენ, საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან და ალაგ-ალაგ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ. მაგალითად, გარდაცვლილი გოგონას დედამ თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ თუ მას პირადად პრემიერ-მინისტრი არ შეხვდება, „ირინა ენუქიძე მონაგონი იქნება“, მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა კი განაცხადა – იმედი მაქვს, ნოემბრიდან კარგი ცხოვრება დაიწყება და ყველას გვეშველებაო!

 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ გარდაცვლილი გოგონას მამა ნოემბრიდან, ანუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი დღებიდან – კარგი ცხოვრების დაწყებაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობდა.

 

საერთოდ, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ნაციონალური მოძრაობისა და მისი პროპაგანდისტული სამსახურების ხელში პოლიტიკურ იარაღად გადაიქცნენ და ნებსით თუ უნებლიეთ, მათი დესტრუქციული დღის წესრიგის ნაწილი გახდნენ.

 

ჩვენი  რესპოდენტი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, რომელსაც შვილის გარდაცვალების საშინელი სიმწარე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, მიიჩნევს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მათი ახლობლებისა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან დროული შველა და ნაცრეჟიმის ნარჩენთა კლანჭებისგან დახსნა სჭირდებათ:

 

– როგორც შვილმკვდარმა დედამ, საკუთარ მაგალითზე ვიცი, როგორია გაუბედურებული მშობლის მდგომარეობა, ვიდრე ტრაგედიიდან მინიმუმ, წელიწადი მაინც არ გაივლის. დიახ, შვილის სიკვდილის შემდეგ სრულიად არაადეკვატური ხდები და გგონია, რომ ჯოჯოხეთში მოხვდი. გეჩვენება, თითქოს მთელი სამყარო შენ წინააღმდეგ ამხედრდა და გაგიჟებამდე არაფერი გიკლია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მართვა ძალიან ადვილია და შეგიძლია, მას ნებისმიერი სისულელე დააჯერო.

 

– ფიქრობთ, რომ მავანი ბაჩალიაშვილის მშობლებს სისულელეებს აჯერებს?

 

– ფაქტია, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახს ათასი შარლატანი და თაღლითი ეხვევა, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ.

 

სწორედ ამიტომაც მივმართავ ბაჩალიაშვილის ნამდვილ ახლობლებსა და გულშემატკივრებს, რომ შვილმკვდარ მშობლებს ფარად დაუდგნენ, რათა ისინი არავინ გააპამპულაოს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენოს!

 

– მაშინ, მოდით, ისიც პირდაპირ ვთქვათ, ვინ სპეკულირებს ბაჩალიაშვილის ტრაგედიით და ვინ ცდილობს გაუბედურებული მშობლები პოლიტიკურად გამოიყენოს?

 

– რა თქმა უნდა, ამას ნაცხროვა და მისი ტელევიზიები აკეთებენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია „ახალი გირგვლიანის“ გამოგონებაზე ჯახირობენ! პირდაპირ ვეუბნები, რომ ეს არ გამოუვათ, რადგან მათი „ნუკლოვანი ტოლერანტობის დროს ახალგაზრდებს სახელმწიფო სისტემა ხოცავდა, დღეს კი ასე არ ხდება და ყოფით კონფლიქტს, კრიმინალურ გარჩევებსა თუ სუიციდს შეწირული ახალგაზრდებისგან „ახალ გირგვლიანს“ ვერ გამოიყვანენ.

 

– ალბათ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნაცრეჟიმის ნარჩენები შვილმკვდარი მშობლების პოლიტიკურ მძევლებად აყვანას ცდილობენ!

 

– როცა ზაზა სარალიძეს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა– ნაცხროვა გვერდით როგორ დაიყენაო, ვამბობდი, რომ შვუილმკვდარი მამისთვის ცოტა გვედროვებინა, დიდი ტრაგედიით გამოწვეული შოკი გაუვლიდა, გონს მოეგებოდა და პოლიტიკურ სვავებს თვითონვე მოშორდებოდა. ასეც მოხდა – ზაზა სარალიძე დაახლოებით ერთ წელიწადში მიხვდა, რომ საქმე არა გულწრფელ თანამდგომებთან, არამედ მისი ტრაგედიით პოლიტიკურად მოვაჭრეებთან ჰქონდა და ზურგი აქცია მათ.

 

– სხვათა შორის, ნაცრეჟიმის ნარჩენებმა და მათი გავლენის ქვეშ მყოფმა მედიასაშუალებებმა მცხეთაში მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მშობლების „მძევლად“ აყვანა და პოლიტიკური მასკარადისთვის გამოყენება ვერ შეძლეს, არადა, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ?

 

– ამიტომაც არის, რომ ნაცხროველები და მათი ე.წ. ჟურნალისტები შაქარაშვილის მშობლებსა და ნათესავებს საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ. წარმოიდგინეთ, იმის თქმაც კი იკადრეს და გაედეს – შაქარაშვილის მშობლებს სიმართლის დადგენა და შვილის მკვლელების დასჯა არ აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს და ოჯახმამ ხელი როგორც არ უნდა შეგვიშალოს, ამ საქმეს მაინც გამოვიძიებთო!

 

სხვათა შორის, ძალიან მიკვირს – გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა ტელეეთერში ცრემლების საღვრელად რომ მოიცალეს, სვავი პოლიტიკოსებისა და უნამუსო ე.წ. ჟურნალისტებისგან თავიანთი მეგობრის მშობლების დასაცავად ერთი აქცია როგორ ვერ გამართეს?!

 

– და მაინც, როგორც შვილმკვდარი დედა, რას ურჩევდით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს?

 

– ბაჩალიაშვილის მშობლებს ვურჩევ, ნამდვილი ახლობლები შემოიკრიბონ, მათ მოუსმინონ და არა გუშინ გაცნობილ ადამიანებს, რომლებიც მათი მძიმე მდგომარეობით სარგებლობენ და ათას სულელურ ვერსიას შხამივით აწვეთებენ! ვურჩევ, თავიანთ ტრაგედიას ნაცხროვასა და სხვა ლეშიჭამია სვავებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოაყენებინებენ!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner