ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი, რომელიც საკუთარმა პოლიტიკურმა თანაგუნდელებმაც კი აღარ გაიკარეს, საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
პატრიარქთან სტუმრობის ამსახველი ფოტო მერაბიშვილმა „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ილია მეორეს ციხეში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.
საინტერესოა, მაინც რა უამბო მერაბიშვილმა პატრიარქს ციხეში გატარებული წლების შესახებ? მოუყვა, რომ აწამებდნენ, გაუპატიურებას უპირებდნენ, საკანში ჩურჩულით ლაპარაკს აიძულებდნენ, ხმამაღლა გაცინებასაც კი უკრძალავდნენ და თუ ექიმს ან მედიკამენტს მოითხოვდა, ცემაში ასიებდნენ?
არა, ამას ვერ მოუყვებოდა, რადგან მერაბიშვილი ციხეში არავის უწამებია და გაუუპატიურებია. პირიქით, ცივ ნიავს არ აკარებდნენ და საპყრობილიდან ისეთი ფერ-ხორცით გამოვიდა, გეგონება, რომელიმე სპა-კურორტზე ისვენებდა.
არადა, პატრიარქს სააკაშვილ-მერაბიშვილის ციხეში ნაწამები და გაუბედურებული ყოფილი პატიმრების მეტი რა უნახავს? მაგალითისთვის თუნდაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, აწ განსვენებული სულხან მოლაშვილი კმარა, რომელიც ილია მეორეს ციხიდან გამოსვლისთანავე შეხვდა და პატრიარქს საშუალება ჰქონდა საკუთარი თვალით ეხილა, როგორ იყო იგი ფიზიკურად განახევრებული საპყრობილეში სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის გამო.
ციხეში მეფურად შენახული და ნაპატივები მერაბიშვილი კი ამბობს – პატრიარქს პატიმრობაში გატარებული პერიოდის შესახებ ვესაუბრეო!
არა, მაინც რა უთხრა და რა მოუყვა?
კარგი, თვითონ მერაბიშვილი არავის უცემია და უწამებია, მაგრამ იქნებ სხვა პატიმრების წამების მომსწრეა? იქნებ ციხეში ყოველდღე ესმოდა, წამების დროს როგორ შემზარავად ბღაოდნენ უმწეო პატიმრები? იქნებ საკუთარი საკნის ცხაურიდან ხედავდა, თითქმის ყოველდღე როგორ გაჰქონდათ ციხის კორპუსიდან წამებით მოკლული პატიმრების ცხედრები?!
ვერა, ვერც ამას მოუყვებოდა პატრიარქს ნაციხარი მერაბიშვილი, რადგან ქართულ ციხეში ეგეთი რაღაცები რომ ხდებოდა, მერაბიშვილი პატიმარი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეჟიმის „ხერხემალი“ იყო, ხოლო როცა მერაბიშვილი პატიმარი იყო, ქართულ ციხეში ეგეთები აღარ ხდებოდა.
საერთოდ, რას ემსახურებოდა მერაბიშვილის საპატრიარქოში სტუმრობა და პატრიარქთან შეხვედრა? იქნებ მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელთან აღსარების ჩასაბარებლად და ცოდვების მოსანანიებლად მივიდა? იქნებ სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და სულის დამშვიდება მოუნდა!
მეტი არაა თქვენი და ჩვენი მტერი, პატივცემულო მკითხველო!
მერაბიშვილი რამეს რომ ნანობდეს, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს მოუხდიდა საჯარო ბოდიშს, ხოლო სასულიერო პირისთვის აღსარების თქმა და ცოდვების მონანიება თუ უნდოდა, კათოლიკე მოძღვარს მიაკითხავდა და არა მართლმადიდებელს, რადგან მერბაიშვილს საქვეყნოდ აქვს გაცხადებული, რომ აღმსარებლობით კათოლიკეა!
ცხადია, მერაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრა პოლიტიკური აქტი იყო, რომელიც ნაციხარ „ხერხემალს“ საკუთარი პერსონის მნიშვნელობის ხაზგასასმელად სჭირდებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი არც „ნაცებმა" მიიკარეს და არც „ევრონაცებმა", მას დემონსტრირება უნდა მოეხდინა, რომ მთლად სანაგვეზე კი არ არის გადაგდებული, არამედ, აგერ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იღებს, ესაუბრება და გამძლეობას უსურვებს.
კი, მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში თვითონ დაწერა – პატრიარქმა გამძლეობა მისურვაო!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის საშუალება ყველას არა აქვს. აბა, ერთი სცადეთ და ითხოვეთ ილია მეორესთან აუდიენცია, რა გასაჭირი და როგორი აუცილებელი საქმეც არ უნდა გქონდეთ, საპატრიარქოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელები წინ ყრუ ჯებირებს აღგიმართავენ და პატრიარქთან ახლოსაც არ მიგიშვებენ. არადა, ამ დროს შესაძლოა, მის უწმინდესობას არც კი ეუბნებიან, ვინ და რატომ ითხოვს მასთან შეხვედრას. შეიძლება, ილია მეორის გარემოცვის წევრები თავიანთი შეხედულებისამებრ, პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით წყვეტენ, ვინ შეახვედრონ პატრიარქს და ვინ არა!
ვანო მერბიშვილი კი შეახვედრეს!
როგორც ჩანს, მერაბიშვილისთვის საპატრიარქოში ჯებირები არ არსებობს!
ეტყობა, საპატრიარქოს „ბლაღოჩინები“ მერაბიშვილს სიმპათიით უყურებენ!
რისთვის, რა დამსახურებისთვის? მერაბიშვილმა ქვეყანას რაც გაუკეთა და სისხლში როგორც აბანავა, ეს ყველამ იცის, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რა ამაგი დასდო?
2004 წლის 12 მარტს სააკაშვილის რეჟიმმა გლდანში მართლმადიდლებლური ტაძარი შტურმით რომ აიღო და მრევლი დაარბია, მერაბიშვილი მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, „ნაცრეჟიმის" სხვა რაიხსფიურერებთან ერთად, სადამსჯელო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა.
სააკაშვილმა მეუფეებს საჩუქრად „ჯიპები“ რომ ჩამოურიგა და იმ „ჯიპებში“ ფარული მოსმენის აპარატურა ეყენა, მერაბიშვილი მაშინ შს მინისტრი იყო და სწორედ მისი უწყება აგროვებდა კომპრომატებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე.
ისიც მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო, კუდიანი სოსო თოფურიძე წმინდა სინოდის სხდომებს ზოგიერთი მეუფის „ლეპტოპიდან“ რომ უსმენდა.
„ნაცრეჟიმის" ლიდერები პატრიარქს საკურთხეველში რომ უცვივდებოდნენ და ეპისტოლედან პასაჟების გაქრობას აიძულებდნენ, მაგ რეჟიმის „ხერხემალი“ სწორედ მერაბიშვილი იყო.
ყოველივე ამის შემდეგ მერაბიშვილს საქართველოს საპატრიარქოში ფეხის მიდგმა აკრძალული უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ თვით კათოლიკოს-პატრიარქსაც კი უპრობლემოდ ხვდება და ებაასება.
როგორც ჩანს, საქართველოს საპატრიარქოში მერაბიშვილს დღემდე ჰყავს ფანები, რომლებიც მას პატრიარქთან შესასვლელ კარს ფართოდ უხსნიან მაშინ, როცა იმავე კარს „უბრალო მოკვდავთათვის“ საგულდაგულოდ რაზავენ. ეს ის ხალხია, რომლემაც, თავის დროზე პატრიარქი დაარწმუნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ჯილდოს – წმინდა გიორგის ორდენს იმსახურებდა.
კიდევ კარგი, საპატრიარქოში ვანო მერბაიშვილი მთლად როლანდ ახალაიასავით არ დააფასეს და გულზე წმინდა გიორგის ორდენი არ დაკიდეს!
P.S. პატრიარქთან მერაბიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთნი ამბობენ, რომ ილია მეორეს მერაბიშვილი არ უნდა მიეღო, მეორენი კი აღნიშნავენ – პატრიარქი ყველას უნდა შეხვდეს, მერაბიშვილისნაირ ცოდვილებსა და უკუღმართებს კი განსაკუთრებით სჭირდებათ მასთან მიახლოება, რათა გონს მოეგონ და ცხოვრება სწორად გააგრძელონო!
ეს უკანასკნელი მოსაზრება თეორიულად მართალია, მაგრამ პრაქტიკულად რა მოგახსენოთ?
ერთი - პროკურორი ახალაია მოაქცია პატრიარქისგან წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებამ და მეორე - ვანო მერაბიშვილს უშველის პატრიარქთან შეხვედრა! ძაღლის კუდისა და კირჩხიბის ამბავივით არის – მერაბიშვილი ვერ გაიმართება და სწორად ვერ გაივლის!
ჯაბა ხუბუა