„თქვენ იცით, რომ ირაკლი ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს მიანიშნებს მის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრობლემების მიმართ“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ის ბოლო ოთხი წელიწადი გახლდათ კახეთის გუბერნატორი. შესაბამისად, მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არა მხოლოდ კარგად ერკვევა მუნიციპალიტეტის პრობლემებში, არამედ უშუალოდ ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში და ცხადია, საკანონმდებლო ორგანოდან მას მეტად შეუძლია, კონცენტრირებული იყოს პრობლემებზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი მხარდაჭერით, ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანისა და მისი მოგვარების ამბავში. გარდა ამისა, ის უწესიერესი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა მას მხარდაჭერას გამოუცხადებს - „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა, 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.
ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.