ირაკლი სესიაშვილის გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკურ ინტერესებში გამოიყენოს, მაშინ როცა სამართალდამცავი ორგანოები საქმეს იძიებენ.
„ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ცდილობენ რომ ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის. ერთი მხრივ ამორალურია ეს საქციელი, მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ამას ვერ ვიტყვით სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულები საქმეების გამოძიებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.