პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრების და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება, რომელმაც პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში მოყვანილ კითხვებს პასუხი გაეცა გამოძიების მსვლელობის დროს სწორედ ამ პირების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია გამოძიების შედეგები ყველა დასმულ საკითხთან მიმართებით, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ შემდეგი: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: ,,ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობა, თავის ტვინის მთლიანობის დარღვევით, სისხლჩაქცევებით თავის ტვინის გარსებსა და ტვინის ნივთიერებაში, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობით. შესავალი ხვრელით მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან და გამოსავალი ხვრელით მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში".
ექსპერტების, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით (იხ. ექსპერტის ჩვენება) ყველა ზემოთ მითითებული დაზიანება განიხილება ერთი ცეცხლნასროლი დაზიანების კონტექსტში და არცერთი არ წარმოადგენს იზოლირებულ, დამოუკიდებელ დაზიანებას. ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავზე აქვს მხოლოდ ერთი - ცეცხლნასროლი დაზიანება. მარჯვენა ხელის არეში არსებული დაზიანება კი არის წერტილოვანი, (იხ. ფოტო) მსუბუქი ხარისხის და არანაირი კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან.
რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 7 იანვარს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელმაც უკანონოდ შეაღწია ეროსი კიწმარიშვილის სოციალურ ქსელში, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს არაერთხელ აქვს ჩადენილი ანალოგიური დანაშაული. იგი იღებდა სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირების დაკვეთებს, რასაც ახორციელებდა ცნობილი პირების სოციალურ გვერდზე რეკლამის განთავსებით. აღნიშნული პირი გასამართლდა და სასამართლოს მიერ სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მის მიმართ სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.
გამოძიების პროცესში შესწავლილი იქნა ინფორმაცია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მისი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული კავშირების შესახებ - 2 012 573 სატელეფონო ზარი. შესწავლის შედეგად ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო გარემოება არ დადგინდა.
კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ „ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის" გადაადგილებას ეროსი კიწმარიშვილის კორპუსთან.
გამოძიებით დადგენილი ფაქტია, რომ კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებულ კამერაში ჩანს 2014 წლის 15 ივლისს (ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღე) როგორ გადაადგილდება შავ სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კორპუსის მიმდებარედ, ისე, რომ შეუჩერებლად გვერდს უვლის კორპუსს და გადის ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ პირის გადაადგილება დაფიქსირებულია 14:39 საათზე, მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა. გთავაზობთ ამ პირის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას. (იხ. ვიდეო)
ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი არის ავტომობილი, რადგან სწორედ ავტომობილში დაფიქსირდა დენთის და ტყვიის კომპონენტების კვალი. ავტომობილის სალონში, მარცხენა კარის საყრდენზე დაფიქსირდა ნატყვიარი, რომელშიც აღმოჩნდა ტყვია. სისხლის შხეფების მარაოსებური გაშლა მარცხნიდან მარჯვნივ, ცალსახად ადასტურებს, რომ სროლა ავტომობილის წინა მარცხენა სავარძლის მიდამოში განხორციელდა, სადაც აღმოჩენილი იქნა გვამი, ხოლო სისხლის კვალის უწყვეტობა სალონში ცალსახად გამორიცხავს სხვა პირის ყოფნას. გარდა ამისა, გარდაცვლილის მარჯვენა ხელზე და პიჯაკის მარჯვენა სახელოზე დაფიქსირდა დენთის და ტყვიის შემადგენელი კომპონენტების კვალი დიდი ინტენსივობით, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ სროლა სწორედ მის მიერ არის განხორციელებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და გამოძიებით ცალსახად დადგენილი სხვა ფაქტების გათვალისწინებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა თვითმკვლელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.