„12 წლის წინ, გმირებმა მართლაც სამაგალითო გმირობა, თავგანწირვა გვაჩვენეს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და სამარცხვინოდ, ჩვენი ერის სირცხვილი ვიხილეთ მთელი, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო ქმედება“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„რა სიმბოლური დამთხვევაა მეგობრებო, რომ სწორედ ამ დღეს, 20008 წლის 11 აგვისტოს, იმ დროს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს როდესაც ჩვენი ეს გმირები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს სწირავდნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალის ლიდერად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა, ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომელმაც დღემდე მოიტანა ჩვენი ძვირფასი სამშობლო. ჩვენ დღეს მოვედით დღევანდელობამდე ჩვენი რწმენით და ჩვენი ბრძოლით. ჩვენ რაც ვიხილეთ არის აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და მე ვარ, როგორც ამ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას თუ რა ძალასთან, რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე და როგორი ვერაგი, მტრული ძალა ყველამ ერთად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიცილეთ. მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები ამ კონკრეტული პოლიტიკური ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე ოპოზიციის კრიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა მათ ყოველთვის გაახსენებს წარსულს.
„გუშინ გაგვაკრიტიკეს ოპონენტებმა, რომ ჩვენ აქ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის. როგორ შეიძლება ადამიანმა, მოქალაქემ დაივიწყოს აგვისტოს ომი, ის ტრაგიკული დღეები და ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ იხილა. არც ერთ შემთხვევაში მეგობრებო, ჩვენ ამას ყოველთვის გავახსენებთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს. მოგეხსენებათ, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი ომი, არა ერთი შიდა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობების და ხელისუფლებების შედეგად ვართ იქ, სადაც ვართ. ამ ყველაფრის აღდგენას ბუნებრივია სჭირდება დრო, დრო რომელიც ყველაზე ძვირფასია და რომელიც ჩვენ ყველას გვეჩქარება, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლიდერის და ჩვენი მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო. 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა უპრეცედენტო, 8 წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია. ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.