ავტორი თეა ფირცხალავა
საზეიმო სტატუსი სევდიანი პარალელით...
„...დავითი და ერეკლე და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით საქართველოს ღირსი“.
და
„ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული
ამ პატარა საქართველოს რაინდული გული...“
ლილი ნუცუბიძისა და შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსები დღევანდელმა დღემ გამახსენა…
დღეს 12 აგვისტოა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დღეს საქართველოში აღინიშნება 1121 წელს მეფე დავით IV აღმაშენებლის მიერ დემონსტრირებული „ძლევაი საკვირველი“ დიდგორის ველზე, როდესაც მისი მთავარსარდლობით შეკრებილმა მხედრობამ საკვირველად სძლია თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს, რომლის რაოდენობაც იყო „...ვითარცა ქვიშა ზღვისა“ და განუზომლად აღემატებოდა ქართველ მეომართა რაოდენობას. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებით ქართველ ერს „ერგო“ ძლევა-ი-მოსილი გამარჯვება, საქართველოს სახელმწიფოს კი გაძლიერება, რასაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვა თბილისის შემოერთება.
12 აგვისტოს ასევე აღინიშნება წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღე, რომელიც იყო და არის ქართული რაინდული სულისა და თავდადების სიმბოლო. ეს ის ცოტნე დადიანია, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც გმირი, რომელმაც ნაღდი ქართული შემართებით, გონებაგამჭრიახობითა და დიდოსტატური ლავირებით შეძლო თანამებრძოლთა უიარაღოდ გათავისუფლება მონღოლთა ტყვეობიდან ანისში.
და... ერთხელაც, შოთა ნიშნიანიძე იტყვის:
„...მთავრის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...
ვერ იქნება კოხტა გორა საქართველოს გოლგოთა!“
და დღეს... ვინაიდან დიდგორის „ძლევაი საკვირველს“ ვზეიმობთ, აქვე შეგახსენებთ დიდი ილიას „დავით აღმაშენებელს“ და მის საოცარ შეგონებას: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს...“
P.S. ეჰ, ჩემი თაობა არასოდეს დაივიწყებს თავისი ქვეყნის წარსულსა და ისტორიას, მაგრამ ყალბი ეროვნულობის ქოლგის ქვეშ მოკალათებული ათასი მომხდური და არამომხდური, შენიღბულად ცდილობს ჩვენი უძვირფასესი ახალგაზრდა თაობის ტვინების გამორეცხვას და ისტორია კი არა, ლამის საკუთარი წარმომავლობაც დაავიწყონ...
ჰოდა, ალბათ ბედის ირონია და მორიგი „ფიარის“ ნაწილი იყო, როდესაც სწორედ დღევანდელ დღეს, 2008 წლის 12 აგვისტოს, ჩვენებრ უძველესი, დიადი ისტორიისა და ძლევა-ი-მოსილი გამარჯვებების “გადამტან“ ერს, რუსეთ-საქართველოს ომში ქართველების ვირტუალური გამარჯვება გვაზეიმეს თბილისის პარლამენტის წინ გადაშლილ და დღეს უკვე მოდაში შემოსულ „ბრძოლის ველზე“, იმ ომისა, რომელსაც ბრძოლაში „ძლევაი საკვირველის“ და საქართველოს გაძლიერების ნაცვლად, შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, დაქუცმაცება, დასუსტება, მოსახლეობის ორ ბანაკად გახლეჩა, გაუცხოვება და, საბოლოო ჯამში, პრობლემების დაძლევაი საკვირველი და მართალია, თბილისი შემოსაერთებელი არ დაგვირჩა, მაგრამ ამას მხოლოდ ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ...
და... ამ სტატუსს ქართველების ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას „დიდგორით“ დავასრულებ:
„ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები
ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით
აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი.
დუშმანს გაეგება დავით თოროსანი
მესიის ელვა და ედემის სოსანი
და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა
მკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა.
გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები,
გველს ბასილისკოს დაასო ტერფები,
ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები,
იდიდოს მადლი და კურთხევა განგების!
აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა,
მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა,
აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი,
ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი“.