„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაა, ევროკავშირი დატოვოს და გამოდის, რომ ის საერთო ევროპული ბაზრიდანაც გადის", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულციმ.
შულცის განცხადებით, ევროკავშირი უფლებას არ მისცემს ბრიტანეთს, საერთო ბაზრით ისარგებლოს. რადგან მათ გასვლა გადაწყვიტეს, ეს ნიშნავს, რომ ის საერთო ბაზრით სარგებლობაზეც უარს აცხადებს.
„გასვლა ნიშნავს გასვლას. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაა, ევროკავშირი დატოვოს და გამოდის, რომ ის საერთო ევროპული ბაზრიდანაც გადის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა. ეს ემოციური გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა შულცმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პატივს სცემს ბრიტანელების არჩევანს, მაგრამ არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„დიდ ბრიტანეთს არასდროს დაუკარგავს დამოუკიდებლობა. ის არ შედის შენგენის ზონაში, არ შედის ევროზონაში. სწორედ ბრიტანეთი მოითხოვდა ყოველთვის - არ ყოფილიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ერთადერთი სფერო, სადაც ისინი სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, ეს საერთო სავაჭრო ზონაა და დღეს მათ ეს კავშირი გაწყვიტეს. დაპირებები, რომ ბრიტანეთი ცალკე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად - ზღაპარია", - აღნიშნა მარტინ შულცმა.