ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გრიბაუსკაიტე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დიქტატორად მოიხსენიებს და მოუწოდებს, თანამდებობა დატოვოს.
„დიქტატორო სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო, წადი ახლა. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – წერს დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერში“.
ბელარუსში რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.