logo_geo
eng_logo
„საქართველო რაგბის ქვეყანაა“
- +

24 ივნისი. 2016. 19:02



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რაგბი ევროპის" 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ „რაგბი ევროპის" გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რაგბის განვითარების საქმეში. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართული რაგბის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქართველ მორაგბეებს საქართველოს სახელის დაცვისთვის.

 

„რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერის შედეგად და უფრო მეტად უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის ხელშეწყობით, აშენდა ძალიან მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო „ფონდი ქართუს" ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის. და როგორც ბატონმა ოქტავიან მორარიუსმა აღნიშნა, მართლაცდა საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბით. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, როდესაც მე ნათლად დავინახე, რომ პატარა რაგბის ქვეყნების მხრიდან იგრძნობოდა უდიდესი მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ყველა აღიქვამდა, როგორც რაგბის ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.


„მინდა, დიდი სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს და გამოვთქვა ჩვენი მზაობა - უმაღლეს დონეზე გავუკეთოთ ორგანიზება ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და სახელმწიფოს მხრიდან აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა


გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბორჯღალოსნებს" ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.


„რაგბი ევროპის" 96-ე გენერალურ ასამბლეას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, „რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუსი და სხვადასხვა ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებიან.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner