რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული ნ.ა. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.