სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარადგინა. შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
ანგარიშში დახურული ტიპის დაწესებულებებში, მათ შორის საპატიმროებში ადამიანების უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული.
თამარ ხულორდავამ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან თანამშრომლობის და მათგან მიღებული რეკომენდაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის საყურადღებოა როგორც სახალხო დამცველის აპარატისგან, ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმისგან მიღებული რეკომენდაციები. მისი თქმით, რეკომენდაციების უმრავლესობაზე უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, ნაწილზე კი, მსჯელობა თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
„პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, ბევრი დადებითი ტენდენციაა სახეზე, რაც პრევენციის ეროვნულ მექანიზმის ანგარიშში ასახულია კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ წამება, ჩაგვრა და არაადამიანური მოპრობა, როგორც სისტემური მიდგომა და ციხის მართვის მეთოდი, აღარ არის სასჯელაღსრულების სისტემის გამოწვევა და ძირითადი პრობლემა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყურადღებას ვადუნებთ. სწორედ ამისთვის არის მნიშნველოვანი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა, რომელსაც დაუბრკოლებლად და მუდმივად აქვს დაწესებულებებში შესვლის საშუალება. რა თქმა უნდა, ხარვეზები და პრობლემები სისტემაში ისევ რჩება, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ კვალიფიკაცია ავუმაღლოთ ჩვენს თანამშრომლებს, რათა ციხის მართვა ხდებოდეს არა შანტაჟის, დაშინების და არასათანადო მოპყრობის ხარჯზე, არამედ, იმ კანონიერი მეთოდებით, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროში გამოიყენება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები შემცირებულია, თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების ეფექტიანი გამოძიების მიზნით, მთავრობას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართა.
„გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში, შეიძლება ითქვას, რომ შემცირდა არასათანადო მოპყრობის ფაქტები", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ანგარიშის წარდგენისას დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭებათ.
პრევენციის ეროვნული მექანზმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უწყებაში მიმდინარეობს მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების პროცესი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება; გარდა ამისა, თამარ ხულორდავამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც სამინისტრო მუშაობს და რომელთა მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და დასაქმებაა.