„დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ. დღეს იყო პირველი დღე და ყველა ელოდა მის გახსნას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამსახური ამ ხარვეზის გამოსწორებაზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.
„მომდევნო დღეებიდან ჩვენ უკვე აღარ მოველით შეფერხებებს, თუმცა თხოვნა გვექნება, რომ დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც თვის ბოლომდე, ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ დახმარების მიმღებები და ამრიგად აღარ გვექნება ამგვარი შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა. ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რო აღარ უნდა იყოს ხარვეზებიილ, მაგრამ თუ მაინც დაფიქსირდა, დაგვიკავშირდნენ, გვაცნობონ ამის შესახებ და რა თქმა უნდა, ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორდეს ეს ხარვეზი და ყველა ბავშვმა მიიღოს მისი კუთვნილი დახმარება“– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.