logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ადამიანურობის გაკვეთილი!
- +

16 აგვისტო. 2020. 23:21

 

 

ამ სისასტიკით, ულმობლობით, დაუნდობლობით, აგრესიით გაჯერებულ დროში არაფერი ისე არ მახარებს და არ მაბედნიერებს, როგორც ადამიანურობის, მაღალი ზნეობის, კეთილშობილების გამოვლენა.

 

ბნელ ღამეში სინათლის უეცარ გამონათებას ჰგავს ყოველი ასეთი ფაქტი.

 

ამასწინათ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა – ზურაბ ჟვანიას შვილმა გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა.

 

საბედნიეროდ, ლევან თოფაძე გადარჩა, ბუსა ჟვანია კი ციხეშია.

 

საზოგადოება, ცხადია, შეძრა ამ ტრაგიკულმა ამბავმა, მაგრამ კიდევ უფრო სულისშემძვრელი აღმოჩნდა ის განცხადება, რაც ზურაბ ჟვანიას ქვრივმა, ქალბატონმა ნინო ქადაგიძემ გააკეთა.

 

განცხადებაო, კი ვთქვით, მაგრამ განცხადება კი არა, ეს იყო უდიდესი წუხილი, ტკივილი და სინანული მომხდარის გამო.

 

მას არ დაუწყია საკუთარი შვილის გამართლება. მან, უბრალოდ, ბოდიში მოუხადა ოჯახს, პატიება ითხოვა და ბოლოს საოცარი გულწრფელობით თქვა: მერჩივნა, მე დამმართნოდა ესო.

 

ამას რომ ამბობდა, ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი, აბსოლუტურად მართალი, დარდისგან გაქვავებული და გახევებული, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ღირსეული და შინაგანად ძლიერი.

 

ამ ქალბატონისადმი ყოველთვის პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული. მის მიმართ ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიძლიერდა, როცა ვნახე, როგორ ღირსეულად შეხვდა ეს ახალგაზრდა ქალი თავს დამტყდარ დიდ ტრაგედიას და როგორი თავდადებით და სტოიციზმით ზიდა ჭირისუფლის უმძიმესი ტვირთი.

 

14 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ არავის ახსოვს ნინო ქადაგიძეს ამ ხნის განმავლობაში ვინმეს მისამართით ერთი უკმეხი სიტყვა ეთქვას, ვინმე რამეში დაედანაშაულებინოს, ვინმესკენ თითი გაეშვიროს.

 

და აი, ახლაც, თავს დამტყდარი ახალი განსაცდელით შეძრული და შეძრწუნებული იდგა იგი ჟურნალისტების წინ, ბოდიშს უხდიდა თოფაძეების ოჯახს და დარდისგან გაქვავებული თითქოს თავისთვის ამბობდა: მერჩივნა, მე დამმართნოდა ეს ამბავიო.

 

ამ სიტყვების შემდეგ მალევე საზოგადოებამ გოგი თოფაძის საპასუხო რეპლიკა მოისმინა.

 

თუ აქამდე ბატონი გოგი ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ჩანდა, ქადაგიძის ამ სიტყვების შემდეგ უცებ მოლბა, თვალებში სითბო და თანაგრძნობა ჩაუდგა და რაღაცნაირად შეწუხებულმა თქვა: მე ამ ქალბატონს რითაც შემიძლია დავეხმარებიო, რაც იმას ნიშნავს, რომ თოფაძეები ბუსა ჟვანიას კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას არ მოითხოვენ, თუმცა მათ ამის სრული საფუძველი აქვთ...

 

ბატონ გოგის არ უთქვამს დამნაშავე შევიწყალოთ და შევიბრალოთო, მან თქვა, ამ ქალბატონს დავეხმარებიო, რითაც პირველ ყოვლისა, ქალბატონი ნინო ქადაგიძის, ამ მართლაც საპატივცემულო მანდილოსნის, დედის, დიდი ტრაგედიის გადამტანი ადამიანის მიმართ გამოხატა თანაგრძნობა და თანადგომა. არ იკადრა, რომ განსაცდელში ჩავარდნილი ქალბატონისთვის ახალი ტვირთი დაემატებინა.

 

ბატონ გოგის დიდი ხანი ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მაგრამ მისი ეს ბოლო ნაბიჯი, ვაჟკაცობის, კეთილშობილების, დიდსულოვნების ეს მაგალითი, ვფიქრობ, იმ დიდ საქვეყნო საქმეებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

ამ სევდიანმა ისტორიამ „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ გამახსენა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ არ არსებობს ადამიანურობაზე უფრო მაღალი და უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობა.

 

ამ ამბავმა აწ უკვე მივიწყებული და აბუჩად აგდებული ის ქართული ღირებულებები, ადამიანთა შორის ურთიერთობის ის დაუწერელი კანონებიც გამახსენა, რომელზეც იდგა საქართველო და ქართული მენტალობა – ყველასგან გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული, უაღრესად კაცთმოყვარული, ჰუმანური და სამართლიანი.

 

ღირსეულმა ქართველმა მანდილოსანმა, ნინო ქადაგიძემ და ღირსეულმა ქართველმა კაცმა, გოგი თოფაძემ, კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, თუ როგორ იქცევიან ქართველები განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს.

 

მადლობა მათ ამ დიდებული გაკვეთილისთვის.

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner