შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად „ბაუჰაუს“-ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ასევე, რამდენიმე საათის წინ იპოვეს „ბაუჰაუსიდან“ გაუჩინარებული გოგონას ცხედარი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“-ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან „ბაუჰაუს“-ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.