5 აგვისტოს, გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, ბარ "ბაუჰაუს" დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მდინარე მტკვარში, ბარის სიახლოვეს 17 აგვისტოს იპოვეს - თავდაპირველად გოგონას ცხედარი ნახეს, შემდეგ კი - ვაჟის. გამოძიება სწავლობს, რა ვითარებაში დადგა ეს უმძიმესი შედეგი - ორი ახალგაზრდის სიკვდილი.
გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის ოჯახის ახლობლების ვერსიით, ახალგაზრდები ჰაერზე გავიდნენ, მტკვრის მოაჯირზე ისხდნენ და მდინარეში იქიდან გადავარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა, მაგრამ დინებამ ორივე წაიღო...
წყაროს ინფორმაციით, ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.
ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ვაჟის მამა მამუკა შალამბერიძე წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი იყო. როგორც გიორგი შალამბერიძეს, ასევე ბაია ბერუაშვილს მეგობრები კარგ და სასიამოვნო ადამიანებად ახასიათებენ.