„უახლოეს მომავალში, ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის არ ეცლება, რადგან თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგა", - განაცხადა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.
მისი შეფასებით, ვითარება ძალიან დრამატულია, რადგან ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ.
„პრობლემა ძალიან ბევრი იქნება, რაც გავლენას ჩვენზეც იქონიებს. უახლოეს ხანებში საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს. 10 წლის შემდეგ კი, რა იქნება და ევროკავშირი საერთოდ იარსებებს თუ არა, არავინ იცის. დღეს ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ ევროპასთან თანამშრომლობა და დაახლოება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რას ვაკეთებთ. ჩვენი მოქმედებები რეალურ პოლიტიკაზე უნდა ავაგოთ და არა სურვილებზე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად შესუსტდება.
„ბრიტანეთის გასვლამ, ევროკავშირი და ევროკავშირში აშშ-ის პოზიციები დაასუსტა. შესაბამისად, რუსეთის როლი ძლიერდება და მის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად შესუსტდება. სანქციების დაწესებით მხოლოდ რუსეთი არ დაზარალებულა. ამ სანქციებმა ევროკავშირიც ძალიან დააზარალა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სანქციებმა არათუ არ დააზარალა, გააძლიერა კიდეც, ამერიკის შეერთებული შტატებია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.