logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ქრონიკული ელისტრაკობა და ნიკუტას ჭირ-გვარამი
- +

18 აგვისტო. 2020. 19:44

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის რეზონანსული საქმე გაიხსნა და ცნობილი გახდა იმ ბრალდებულთა ვინაობა, რომლებსაც პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ამხელს.

 

კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, ასევე ორ არასრულწლოვანს - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

2020 წლის 11 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება ჩატარდა; დეტალურად დამუშავებული და შესწავლილი იქნა ათიათასობით სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტმიმოწერა; გამოიკვლიეს კერძო და საჯარო დაწესებულებების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობაც რამდენიმე ასეული საათი იყო; დაკითხეს ასეულობით მოწმე და ჩაატარეს სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და კომპლექსური ექსპერტიზები; ამოიღეს კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები; მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეზე არსებული ვერსიების გადამოწმების მიზნით, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურები; პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებსაც მიმართა.

 

ყოველივე ამის შედეგად, გამოძიებამ შეძლო, 2020 წლის 19 ივნისის ღამეს მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი სასტიკი დანაშაულის სურათი აღედგინა და კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოეკვეთა.

 

როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, გიორგი შაქარაშვილს თბილისიდან მცხეთაში „ტოიოტა ქამრით“ ჩასული პირები გაუსწორდნენ. 19 წლის ფეხბურთელს, რომელიც თავდამსხმელებისგან გაქცევის ცდილობდა, ხუთმა ბრალდებულმა ავტობანიდან არაგვის ნაპირამდე სდია, ბოლოს ალყაში მოაქცია, მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მდინარეში გადააგდო, რის შედეგადაც შაქარაშვილი გარდაიცვალა.

 

ხუთი დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა:

 

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირები მართებულად არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სრულად დადასტურდა. ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში რაიმე სამართლებრივი პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან კანონით გათვალისწინებული მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებულია“.

 

მოკლედ, პროკურატურამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ საინტერესოა, როგორ წავა იმ პროვოკატორი ნაც-ჟურნალისტების საქმე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიებისთვის გზა-კვალის არევას ცდილობდნენ და ყველაფერზე მიდიოდნენ, რათა სიმართლე არ გარკვეულიყო?

 

ნიკუტა გვარამიასა და ელისტრაკო კილაძის საქმე როგორ იქნება, ნეტავი?

 

ჭუტა წერეთლის „ტვ პირველსა“ და კეზერაშვილის „ფორმულაში“ მოკალათებულ „შერლოკ ჰოლმსებსა“ და „ერკიულ პუაროებს“ რა მოელით?

 

როგორ მოეთხოვებათ პასუხი ჟურნალისტის სტატუსს ამოფარებულ ზონდერებს, რომლებიც ტელეეთერში აცხადებდნენ - გიორგი შაქარაშვილის მშობლებმა ხელი როგორც არ უნდა შეგვიშალონ, სიმართლეს მაინც დავადგენთო?

 

გესმით, რაებს კადრულობდნენ? თურმე გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სიმართლის დადგენა არ აინტერესებდათ, ნიკუტა გვარამია და ელისტრაკო კილაძე კი სიმართლის დასადგენად ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ! თურმე, გიორგი შაქარაშვილის მშობლები თავიანთი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, ნიკუტა გვარამია და ელისტრაკო კილაძე კი წელებზე ფეხებს იდგამდნენ, რათა შაქარაშვილის მშობლებს თავიანთი შვილის მკვლელებისთვის ხელი არ დაეფარებინათ!

 

სინამდვილეში კი ნიკუტა გვარამიაც, ელისტრაკო კილაძეც, „ჭუტავიზიაც“ და „კეზერვიზიაც“ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა გიორგი შაქარაშვილის საქმე არ გახსნილიყო და პროკურატურას მკვლელობის სავარაუდო ჩამდენები ვერ ემხილებინა.

 

უფრო კონკრეტულად, ნიკუტა გვარამია, ელისტრაკო კილაძე, „ჭუტავიზია“ და „კეზერვიზია“ ყველანაირად ცდილობდნენ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდება აეცილებინათ სწორედ იმ პირებისთვის, რომლებსაც დღეს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს.

 

საიდან ჰქონდათ ნიკუტა გვარამიასა და ელისტრაკო კილაძეს გამოძიების მასალები, რომლებსაც ტელეეთერში აფრიალებდნენ? რა თქმა უნდა, ამ მასალებს მათ ბრალდებულთა ადვოკატები აწვდიდნენ!

 

და რა არის ბრალდებულთა ადვოკატების უმთავრესი ინტერესი? რა თქმა უნდა, საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ისინი ტყუილად არიან დაჭერილი!

 

ბრალდებულთა ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის ტომებიდან რომელ მასალებს ამოარჩევენ მედიისთვის გადასაცემად? რა თქმა უნდა, ისეთებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის სასარგებლო იქნება!

 

საბოლოო ჯამში, რა სურათი დაიხატება, როცა „მთავარი არხის“, „ჭუტავიზიის“, „კეზერვიზიისა“ და სხვა ნაცმედიის ეთერში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს გაუთავებლად ალაპარაკებენ და მათ მიერ მიწოდებული საგამოძიებო მასალების საფუძველზე იაფფასიან ტელეშოუებს დგამენ? რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩება, რომ პროკურატურის მიერ დაპატიმრებული პირები უდანაშაულონი არიან, რეალური მკვლელები კი ჯერაც არ დაუკავებიათ.

 

ნიკუტა გვარამიას, ელისტრაკო კილაძისა და მთელი ნაცმედიის მიზანი თავიდან ისეთი საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო, თითქოს, ხელისუფლება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოსაძიებლად არაფერს აკეთებდა და საქმის ჩაფარცხვას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ერთბაშად 17 პირი მისცა, „გამოძიების უმოქმედობის“ ვერსიამ ჩაილურის წყალი დალია.

 

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ნაცმედიის სტრატეგიაც შეიცვალა და კოლექტიური ელისტრაკოს მიზანი ახლა უკვე ის გახდა, გამოძიებას 17 დაკავებულს შორის გიორგი შაქარაშვილის მკვლელი თუ მკვლელები ვერ გამოეკვეთა, რაც ნაცპროპაგანდას საშუალებას მისცემდა, ეყვირა - აი, ხომ ხედავთ, ნამდვილ მკვლელებს ხელი დააფარეს და უდანაშაულო ხალხი დაიჭირესო!

 

გარდა იმისა, თუ პროკურატურა ნაცმედიის წნეხს ვერ გაუძლებდა და საქმის მოჩვენებითად გახსნის მიზნით, შაქარაშვილის მკვლელობაში ისეთ პირებს დასდებდა ბრალს, რომელთა წინააღმდეგაც მყარი მტკიცებულებები არ ექნებოდა, სასამართლოში ეს საქმე ჩამოიშლებოდა და ბრალდებულები, როგორც მინიმუმ, მკვლელობის ნაწილში გამართლდებოდნენ, ეს კი უკვე შაქარაშვილის ოჯახის აღშფოთებასაც გამოიწვევდა და შვილმკვდარი მშობლები ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდნენ.

 

აი, ასეთი იყო ნიკუტა გვარამიას, ელისტრაკო კილაძისა და ნაცმედიის გათვლები. ამიტომაც „იძიებდნენ“ ისინი შაქარაშვილის მკვლელობას შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებთან უნისონში და მათ მიერ მიწოდებულ „ექსკლუზიურ“ მასალებზე დაყრდნობით.

 

ისე, საინტერესოა, ნიკუტა გვარამია და ელისტრაკო კილაძე შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით ირჯებოდნენ თუ ამ საქმიდან სხვა სახის სარგებელს, მაგალითად, დიდ ფულსაც ელოდებოდნენ? ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნიკუტა გვარამიას, ელისტრაკო კილაძესა და მათი კლასტერის წარმომადგენლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი 5 პირს წაუყენა, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი კი გამოძიების მუშაობით კმაყოფილია და საქმეს გახსნილად მიიჩნევს.

 

ცხადია, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენს სასამართლო გამოუტანს, ხოლო ნიკუტა გვარამიას, ელისტრაკო კილაძესა და ნაცმედიის სხვა ზონდერჟურნალისტებს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართლის დადგენას ყველანაირად ხელს უშლიდნენ, განაჩენი ქართველმა საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს!

 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ნიკუტა გვარამიებსა და ელისტრაკო კილაძეებს კი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მორალური მკვლელები არიან, თავიანთ ჩირქსა და ბალღამში სამუდამო ყვინთვა უნდა მიესაჯოთ!

 

კაცმა რომ თქვას, უკვე მისჯილი აქვთ კიდეც!

 

 

P.S. მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან „ახალი გირგვლიანი“ ვერ გამოადნეს და ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედია ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ასაგორებლად ვერ გამოიყენეს, ნიკუტა გვარამიები და ელისტრაკო კილაძეები გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს არიან მისეული.

 

ნიკუტები და ელისტრაკოები ახლა უკვე ბაჩალიაშვილის გამწარებული მშობლებისთვის ცდილობენ ტვინის არევასა და გამოძიების ისეთ რელსებზე გადაგდებას, როგორიც ნაცების პოლიტიკური მიზნებისთვის არის ხელსაყრელი. საქმე იქამდეც კი მიიყვანეს, რომ გვარამიამ საკუთარი ტელეკანალიზაციის ეთერში გარდაცვლილი გოგონას პირადი ცხოვრების დეტალები გამოაჭენა და ორი საათის განმავლობაში განიხილავდა, ჰქონდა თუ არა სექსი თამარ ბაჩალიაშვილს, თუ ჰქონდა, ვისთან ჰქონდა, კაცები მოსწონდა თუ ქალები, ლესბოსელი იყო თუ ჰეტეროსექსუალი... ეს ნამდვილი ფსიქოდელია და მორალური გახრწნილობის მწვერვალია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნიკუტა გვარამიას, ელისტრაკო კილაძესა და მათნაირებს თამარ ბაჩალიაშვილი, მისი სული და ხსოვნა, მისი ოჯახის ტრაგედია და სიმძიმილი ფეხებზე ჰკიდიათ! თუ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს საქმის გახსნა და სიმართლის დადგენა აინტერესებთ, პირველ რიგში, ნიკუტა გვარამია, ელისტრაკო კილაძე და მათნაირები უნდა მოიშორონ! რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უფრო მალე გაიგებენ, როგორ მოკვდა მათი შვილი!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner