ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური, ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში.
„ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ Health for all პრინციპის დაცვა. შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.