„ნაციონალებმა“ და მათმა პოლიტიკურმა მოკავშირეებმა არჩევნების წინ ტაქტიკა შეცვალეს. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გარდაცვალების ფართო რეკლამირება შემთხვევით არ ხდება. ის, რასაც დღეს ტელეეკრანებიდან ვხედავთ, მიზანმიმართული პოლიტიკაა _ ადამიანების დამორჩილებისა და მართვის ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც არჩევნების წინ წარმატებით იყენებს ოპოზიცია:
- „ნაციონალებმა“ და მათთან ასოცირებულმა ძალებმა ძალიან ბინძურ მეთოდს მიმართეს - ისინი შეგნებულად თესავენ უნდობლობასა და პანიკას, რათა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. არადა, მსგავსი ფაქტები წლების წინათაც ხომ ხდებოდა?! მაშინ რატომ არ აქტიურობდა ოპოზიცია? რატომ არ ტარდებოდა ასეთი ინტენსივობით ჟურნალისტური გამოძიებები, არ ხდებოდა ყოველი წვრილმანი დეტალის გამომზეურება და ამდენი კითხვების დასმა გამოძიებისთვის?
- ეჭვები გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ხელს აფარებს დამნაშავეებს...
- 23 წლის პროგრამისტი გოგონას სიკვდილი რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას? „კაგებეც" კი არ ინტერესდებოდა ასეთი პატარა გოგონებით და არ რთავდნენ საიდუმლო საქმეებში. ეს ერთი დიდი სქემის ნაწილია, რაშიც, სამწუხაროდ, ჩემი `კოლეგებიც~ მონაწილეობენ. უკრაინელი ქალბატონი გალინა კარმუშინა, რომელსაც საქართველოში მოქმედი სერტიფიკატი არა აქვს და ფოტოებზე დაყრდნობით აკეთებს განმარტებებს, ამბობს - შაქარაშვილის ცხედარი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა წყალში, მერე ამოიყვანეს და ისევ უკან ჩადესო... შეიძლება, ასეთი რამ თქვა, როცა საქმის მასალებიც კი არ გინახავს? ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის" დირექტორი, ფსიქიატრი ჯიშკარიანი ისე აკეთებს განმარტებებს, თითქოს ამ დარგის სპეციალისტი იყოს. ისე გათავხედდნენ, საქმის მასალების გადაცემაც კი მოითხოვეს. არადა, სად გაგონილა, არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის თავი ასეთი კომპეტენციით აღჭურვოს? რომელი კანონით საუბრობენ? ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სპეციალურად შეჰყავთ შეცდომაში!
სამხარაულის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელებო, რამ დაგადუმათ?! რატომ არ იღებთ ხმას, როცა არასწორმა მსჯელობებმა წალეკა ყველა ეთერი?! მართლა დეპოში ხომ არ ვართ?! ეს უკვე ფსკერია და პირადად მე ვერ გავჩუმდები, როცა ჩემს სპეციალობას შეურაცხყოფენ და იატაკის საწმენდი ტილოსავით ათრევენ!
- და მაინც, რა კავშირშია ერთმანეთთან მკვლელობები, არასწორი გამოძიება და პოლიტიკა?
- ფაქტია, რომ ყველა გამოთქმული ეჭვი დამნაშავის სასარგებლოდ მუშაობს, საბოლოოდ კი რეალურ დამნაშავეებზე ხელის დაფარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურება. შემოაქვთ უამრავი იდიოტური ვერსია, შეუძლებელია, ყველა მათ სიგიჟეს გასცე პასუხი, ამასობაში კი ნელ-ნელა გამოძიებისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას ნერგავენ საზოგადოებაში.
შეიძლება შენ მხოლოდ თამარისა და გიორგის სიკვდილზე ელაპარაკები ხალხს, მაგრამ თითოეული მათგანი ამ დროს საკუთარ სიკვდილზე ფიქრობს, ანუ ამ გზით პირდაპირ ადამიანის ქვეცნობიერს ურტყამ, ადამიანებს ყოველდღიურად შიშის ქვეშ ამყოფებ დათრგუნული საზოგადოება, რომელსაც დამცავი ფილტრები აღარ აქვს და რომლის კრიტიკული აზროვნებაც მოდუნებულია, გაცილებით ადვილი სამართავია. აი, რა არის დღეს ყველაზე საშიში და მჭრელი პოლიტიკური იარაღი!
ამასწინათ, ერთ-ერთ გამოსვლაში ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა - ჩვენ დავიცავთ თქვენს შვილებსო, ე.ი. სახელმწიფო არ არსებობს და ჩვენი იმედი გქონდეთო... ეს იყო თავხედობის პიკი. გესმით, საით ისვრიან მახვილებს? რა არის ასეთი ბრძოლის საბოლოო მიზანი? პირდაპირ სახელმწიფოს ურტყამენ! წესით, ამ ვითარებაში, პირველი ომბუდსმენი უნდა იღებდეს ხმას, მაგრამ მას თავისი ხაზი აქვს და იმას როგორ გადაკვეთს?! ფაქტობრივად, დღეს ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ნინო ლომჯარია „ნაცებისა“ და მათი მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების ლობისტია!
- ანუ არსებული მოვლენების პოლიტიკური ექსპერტიზა რომ გავაკეთოთ, დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამ გზით ცდილობს ხელისუფლებისკენ გზის გაკაფვას?
- დიახ, ეს არის საარჩევნო პიარქტექნოლოგია, მაგრამ ძალიან უსინდისოდ დადგმულა! სახელმწიფომ საზოგადოებაზე ასეთი ტოტალური ზემოქმედება და მანიპულაცია არ უნდა დაუშვას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ელექტროდენით აწამებ თუ მის გონებაზე ან ქვეცნობიერზე იმოქმედებ, რათა სასურველი შედეგი მიიღო? დღეს ამ ყველაფერს დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს, რაც ადრე 25-ე კადრს ჰქონდა, რომელსაც ვერ ხედავდი, მაგრამ ქვეცნობიერზე მუშაობდა და გაიძულებდა, გეფიქრა ის, რაც არ გინდოდა!
რაღა შორს მივდივართ, 2003 წლამდეც იგივე არ ხდებოდა? გაიხსენეთ გრაფიკით მოწოდებული ელექტროენერგია. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში სააკაშვილი, უცებ ყველაფერი განათდა. გგონიათ, შემთხვევით ირთვებოდა შუქი? მაშინაც ადამიანის ფსიქიკის დასანგრევად კეთდებოდა ყველაფერი! სრული უიმედობა უნდა შექმნილიყო საზოგადოებაში, რომ მერე თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილი მოსულიყო ხელისუფლებაში.
სანაიას დაღუპვის დროსაც მსგავსი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მუშაობდნენ. უბრალოდ, წლებისა და გამოცდილების მატებასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწეს მეთოდები, თანაც გაცილებით დაუნდობლები გახდნენ. ამიტომაც ძალიან ფხიზლად უნდა იყოს ხელისუფლება! ეს იარაღი, პირველ რიგში, სწორედ მის წინააღმდეგ არის მომართული.
- მაინც რა ნაბიჯებს გადადგმას სთავაზობთ ხელისუფლებას?
- საკანონმდებლო რეგულაციები და სერიოზული სანქციები უნდა დაწესდეს. პრობლემის მოგვარებაში ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ცნობიერებით მანიპულაცია იგივეა. რაც ადამიანების ტყვედ გაყიდვა და ამაზე რეაგირება აუცილებელია! არავის უნდა მიეცეს სიკვდილით თამაშისა და საფლავებზე ცეკვის უფლება!
- რამდენად შეცვლის მდგომარეობას კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები?
- „ქართული ოცნების" გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თავიანთ მდაბიო და დაუნდობელ ტექნოლოგიებთან ერთად დამთავრდებიან. არა მგონია, გონივრული იყოს გახარიას ფიგურის პარლამენტისთვის შეწირვა. მანანება საკანონმდებლო ორგანოსთვის, ჯერჯერობით პარლამენტი არ არის იმ წონის ინსტიტუცია, რომ იქ გახარიასნაირი სერიოზული კადრის გადაყვანა ღირდეს. დიახ, გიორგი გახარია იმდენად ქმედითი და ძლიერი პრემიერია, კვლავ ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს! ვისაც „ოცნებისთვის" ხმის მიცემა უნდა, ისედაც მისცემს, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი, ამაზე თვითონ იფიქრონ. „ოცნების" ადვოკატი არა ვარ, უბრალოდ, ხმას ვაძლევ და ერთ რამეს ვითხოვ - ასარჩევლებო, გაიარეთ ხანდახან ხალხშიც, ძალიან ბევრ ისეთ დეტალს დაინახავთ, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება!
ნატო ფოცხიშვილი