logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ზოგი ქვეყანა ენერგეტიკას პოლიტიკურ იარაღადაც კი იყენებს
- +

24 ივნისი. 2016. 23:58



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ეკონომიკაში ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პროფესიონალების როლზე ისაუბრა.


ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი ესწრებოდნენ.


სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა და ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ გამართეს.


აღნიშნული ფონდი, რომელიც კახა კალაძის ინიციატივით შეიქმნა, სტუდენტების მიერ წარდგენილ პროექტებს აფინანსებს, რაც დარგში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობისთვის დამატებითი სტიმულია.


რამდენიმე დღის წინ, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ათასწლეულის განვითარების ფონდსა და სან დიეგოს უნივერსიტეტთან. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ვფიქრობ, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ, მთავრობის წევრებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდების როლი გაიზარდოს ქვეყნის განვითარებასა და მიმდინარე პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ქვეყანაში ენერგეტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.


არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მსოფლიოში ენერგეტიკას, ენერგეტიკულ პროექტებს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში, ზოგი ქვეყანა ენერგეტიკას პოლიტიკურ იარაღადაც კი იყენებს", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.


შეხვედრის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner