logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ევროპა ეგოიზმსა და თავისი თავის მიმართ შიშს შორისაა გაჩხერილი
- +

25 ივნისი. 2016. 00:21



ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები იმ პოპულისტი და დემაგოგი ლიდერების გამარჯვებაა, რომლებმაც ხალხის ემოციებსა და შიშებზე ითამაშეს", - ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მათ კონტრეტული პროგრამები არ აქვთ და ევროკავშირი წარმოადგინეს, როგორც ბრიტანეთში მიგრანტების შემოსვლის გზა, ბრჭყალებში დამოუკიდებლობა კი - როგორც კედლის აშენების გზა. ამ ტენდენციებს ვხედავთ ტრამპის ამერიკაში, მარი ლეპენის საფრანგეთში და სხვა ვიწრო ნაციონალისტურ, პოპულისტურ წრეებში. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ის ქვეყანა, რომელსაც დღეს აშენებენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ევროკავშირის სისუსტე იმაში გამოჩნდა, რომ მოქალაქეებთან სალაპარაკო ენა ვერ მონახა და საზოგადოებას იმ მომავალი ევროპის პროექტი ვერ დაუხატა, რომელიც უნდა აშენდეს.


ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები მიგრანტებზე აპელირებდნენ, რაც სრულიად დემაგოგიურია, რადგან ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს. დარჩენის მომხრეები კი, ეკონომიკაზე აპელირებდნენ.  დღევანდელ მორალურ კრიზისზე აქცენტი არავის გაუკეთებია. დღეს საზოგადოება იმის მოლოდინშია, რომ ევროკავშირმა რაღაც სხვა დაანახოს - ის, რაც შექმნისას დაანახა. ევროკავშირი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც გაფართოება ძალადობის გარეშე შეძლო და საცოდაობაა, რომ ის ევროპა, რომელმაც მსოფლიო ურთიერთობებში სიახლე მოიტანა, დღეს ეგოიზმსა და თავისი თავის მიმართ შიშს შორისაა გაჩხერილი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ევროპულ საზოგადოებაში არსებობს შიში გლობალიზაციის, მიგრანტების შემოსევისა და იმის, თუ როგორი იქნება ხვალინდელი ევროპა.


ეს ევროპის ძალიან დიდი გამოწვევაა, რაც აუცილებლად უნდა დაძლიოს. ევროპას და მსოფლიოს უკან დაბრუნების ვარიანტი არ აქვს. მითი, რომ ბრიტანეთი ისევ დამოუკიდებელი იმპერია გახდება, რომელიც ოკეანეებზე იყო გაშლილი, დამთავრდა, აღარ იქნება. სხვა ქვეყნების წარსულის დიდების მითებიც დღევანდელ დიდებასა და ძლიერებაში უნდა გადავიდეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ცივილურობასა და ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ამას ახალი ტიპის ლიდერები სჭირდება. სამწუხაროდ, ევროკავშირი ბიუროკრატიული ორგანიზაცია გახდა და აღარ არის ის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ ხედვა, რა უნდა გამხდარიყო  ევროპა. დღევანდელ მსოფლიოს ყველაზე მეტად ეს აკლია. ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არიან ლიდერები, რომლებიც ახალ სამყაროს ქმნიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner