სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვან ბრალდებულებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ტელევიზორები დასჯის მიზნით ჩამოართვა იმის გამო, რომ მათ შიმშილობა გამოაცხადეს. ეს არის სიცრუე. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პირთაგან (რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, სხვადასხვა საკანში არიან განთავსებულები) ტელევიზორი არც ერთს ჰქონია. ტელევიზორები იყო მათი თანამესაკნეების საკუთრება და მას შემდეგ, რაც ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა მათი განცალკევება სხვა პატიმრებისგან, ვინაიდან მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ. რაც შეეხებათ ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს, მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით. ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისათვის.
ინფორმაციისთვის, ორმა ბრალდებულმა - ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. ლ.შ.-ს მოთხოვნაა, რომ მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე. ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.
ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც.
2020 წლის 20 აგვისტოს სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ა.ქ.-მ, რომელიც ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს.