საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული.
„გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.