logo_geo
eng_logo
პენიტენციური სამსახური: სიცრუეა, თითქოს ბრალდებულებს შიმშილობისთვის ტელევიზორი ჩამოართვეს
- +

21 აგვისტო. 2020. 00:43

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ადვოკატის განცხადება, თითქოს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვნებს შიმშილობის გამო ტელევიზორი ჩამოართვეს, სიცრუეა.

 

უწყებაში ამბობენ, რომ არც ლ.შ.-ს და არც ზ.ხ.-ს რელევიზორი არ ჰქონიათ და ჰქონდათ მათ თანამესაკნეებს, თუმცა რადგან მათ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა განცალკევება სხვა პატიმრებისგან. როგორც პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, ამის მიზეზი არის ის, რომ მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ.

 

„ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ", — აღნიშნავენ უწყებაში.

 

მათივე თქმით, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით.

 

„ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისთვის", — აცხადებენ უწყებაში.

 

ამასთან, პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ლ.შ.-ს მოთხოვნაა, მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე, ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

 

„ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც", — აღნიშნულია განცხადებაში.

 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, 20 აგვისტოს შიმშილობა გამოაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ა.ქ.-მ. უწყების ცნობით, ის ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

 

„ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს", — აცხადებენ უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner