აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპის ქვეყნები აიათოლას მხარეს დგომაში დაადანაშაულა. ეს განცხადება მაიკ პომპეომ მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ვაშინგტონის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ხელახლა დაწესების გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ირანის მიმართ სანქციების ხელახლა ამოქმედება გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან აშშ-მა 20 აგვისტოს მოითხოვა და ამის მიზეზად თერანის მხრიდან ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაასახელა.
როგორც „ბიბისი“ წერს, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესების უფლება არ აქვს, რადგან ვაშინგტონმა თავად დატოვა ე.წ. ბირთვული შეთანხმება. საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები და განაცხადა, რომ თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა ამოქმედებას ყველა შესაძლო ხერხით შეეცდება.
პომპეოს თქმით, ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ირანს კონვენციური იარაღის თავისუფლად შესყიდვის უფლება მიეცეს.
„არცერთ ქვეყანას, აშშ-ის გარდა, არ ეყო სიმამაცე და სიმტკიცე, ირანის საწინააღმდეგო რეზოლუცია წარედგინა. ამის ნაცვლად, მათ აირჩიეს აიათოლას მხარეზე დგომა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
უშიშროების საბჭოს წევრებს აშშ-ის მხრიდან ირანისთვის საერთაშორისო სანქციების ხელახლა ამოქმედების თავიდან ასარიდებლად 30 დღე აქვთ, თუმცა აშშ-ს, რომელიც გაერო-ს უშიშროების მუდმივი წევრია, ვეტოს უფლება ექნება.