ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ციხანოვსკაიას მორიგ ვიდეომიმართვაში.
„მოგმართავთ სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებს, თქვენ ხართ ახალი და თავისუფალი ბელარუსის სიმბოლო, ჩვენ მშვიდობიანი და შრომისმოყვარე ერთი ვართ. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც შეუძლია და ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, იმ ქვეყნის მომავალს, რომლის წართმევაც ლუკაშენკოს სურს, ისე როგორც მან უკვე წაგვართვა ჩვენი არჩევანი,, – აცხადებს ტიხანოვსკაია.
მისივე თქმით, უკანონობის შესაჩერებლად აუცილებელია ბელარუსი ხალხი გაერთიანდეს.
„დადგა ერთიანობის დრო. თქვენ უკვე გამოავლინეთ არნახული მოთმინება. თქვენ შეაშინეთ დიქტატურა. ის კანკალებს თქვენს წინაშე. თქვენი სიმამაცის და ძალის წინაშე. ამიტომ ხართ ზეწოლის ქვეშ. გაფიცვებმა კუთხეში მოამწყვდია დიქტატურა. გაფიცვებმა დიქტატურა გულში დაჭრა. სწორედ ამიტომ ცდილობენ ყველა ხერხით თქვენს დაყოფას და დაპირისპირებას. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, რეჟიმს შანსი აღარ დარჩება“, – ამბობს ტიხანოვსკაია.
მისივე თქმით, „გაფიცვები ლეგალურია და ყველა ძლიერი იარაღია რეჟიმის წინააღმდეგ“. ციხანოვსკაიას განცხადებით, „ბელარუსის მომავალი ახლა გაფიცვების მონაწილეებზეა დამოკიდებული“.
„ჩვენი მიზანი ნათელია, ძალადობის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ერთად ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც ვერც ერთი დიქტატურა ვერ შეეწინააღმდეგება“, – ამბობს ტიხანოვსკაია.
სვეტლანა ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიხიზნა.