ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან საფეხმავლო ტერიტორიაზე გადავიდა და იქ მყოფი მოქალაქეები დააზიანა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, თუმცა მედიკოსების შეფასებით, ეს დაზიანებები სიცოცხლესთან შეუსაბამო არ არის.
ამასთან, მსუბუქად დაშავდნენ სხვა მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით აღიძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.