logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: სამყაროში, სადაც ადამიანებს მალავენ - დამალული ამბები არ იტკინოთ...
- +

22 აგვისტო. 2020. 16:54

 

 

დახლიდან გადმოღებულ საქონელს ვგავდი და მუშტრების წინ ვიდექი.

მათვალიერებდნენ.

იღიმოდნენ.

სკამზე მიმითითებდნენ, აქ დაჯექიო...

 

ბიჭის ახირება იყო, რომ ოჯახი აუცილებლად უნდა გამეცნო.

თითქოს არსად არასოდეს არ ვგრძნობდი თავს უხერხულად , მაგრამ ეს სხვა იყო... სულ სხვა ამბავი.

 

მაგიდას ტკბილეული მიამატეს და შემოვუსხედით.

რაღაცები მკითხეს.

- კარგი შვილი გყავთ და მადლობა-მეთქი.

- მართლაცო, - შეიფერა დედამ.

- აივანზე გავალ ცოტა ხნით-მეთქი და წამოვიწიე.

- გაყევიო, - შვილს ანიშნეს.

- არა, მარტო გავალ, დარჩი-თქო, - დამთანხმდნენ.

 

ვიწრო დერეფანს გავუყევი. სუსტი კვნესა შემომესმა და გავჩერდი, მივაყურადე, საიდან მოდიოდა და კარი შევაღე.

 

მოხუცი, ყვითელი ქალი იწვა ლოგინში და თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი.

რაღაც ძალიან სტკიოდა, მაგრამ მაინც წამოიწია, პატარა ტუმბოს უჯრა გამოხსნა და ვერცხლის რგოლი მომაწოდა, ვერ ლაპარაკობდა, გამომართვი, - მანიშნა და გადიო.

 

ოჯახის წევრი დამიმალეს.

არ მახსოვს, ბიჭს მასზე რამე დასცდენოდეს.

 

ვერცხლის ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე წამოვიცვი და მაგიდასთან დავბრუნდი. სიტყვა არ დამცდენია.

 

ვერ შევეწყეთ, ვერ ავეწყეთ, დავიშალეთ, ავიშალეთ...

 

თავისით გადმოლაგდა დამალული ამბები და მე დახლზე დავბრუნდი...

 

ყველა ნივთი დავუბრუნე, ნიშნობის ბეჭედიდან დაწყებული ხმელი ვარდებით დამთავრებული.

 

ვერცხლის რგოლი დავიტოვე, არც არასოდეს წამიძვრია თითიდან...

 

ვატრიალებდი რგოლს და ვფიქრობდი, რატომ მიკვირდა ამბების დამალვა ადამიანის დამმალავისაგან...

 

წლების მერეც, როცა რაღაც გასაჭირი მადგას, როცა რაღაც მიცუდდება და მიცრუვდება - ჩემს თავს ვუკიჟინებ:

 

თვითონ გადმოლაგდებიან ადამიანები თავიანთი ჩახლართული ამბებიდან და სრულიად შიშვლები შემომხვდებიან იმ გზაზე, სადაც არ ველოდები...

 

სამყაროში, სადაც ადამიანებს მალავენ - დამალული ამბები არ იტკინოთ...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner