ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა კომენტარი ბათუმში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ამ დღეებში განვითარებულმა სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საავტომობილო გზებზე გადაადგილება და შექმნა გარკვეული ტიპის დისკომფორტი.
მერიის ყველა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას.
დღეის მდგომარეობით, სტიქიის შედეგად 30-მდე მისამართი დაიტბორა.
შემოერთებულ ტერიტორიებზე მეწყრული პროცესი 11-მდე ადგილზე განვითარდა.
ერთ მისამართზე სახურავი, ხოლო ერთ-ერთ შენობაში კონსტრუქცია ჩამოინგრა.
4 ადამიანი დროებით გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
ყველა ის ოჯახი, რომელიც დაზარალდა სტიქიის გამო, მერიის შესაბამისი კომისიის მსჯელობის საფუძველზე მიიღებს კომპენსაციას.
რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდა შეფერხება ავტომაგისტრალზე. თუმცა, გუშინ საღამოსვე, ორმხრივი მოძრაობა სწრაფადვე აღდგა. ამ ეტაპისათვის შეფერხება გზებზე გადაადგილების ნაწილში არ არსებობს.
დილიდანვე დაიწყო ბათუმის ქუჩების მორეცხვითი და დასუფთავების სამუშაოები.
პარალელურად, დასუფთავებითი ღონისძიებები მიმდინარეობს სანაპირო ზოლში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.