logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ის, რაც ბელარუსში ხდება, რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება
- +

25 აგვისტო. 2020. 01:58

 

 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო ხმების 80%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა. მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% მიიღო და არჩევნების შედეგები არ სცნო. პირველივე დღეს ტიხანოვსკაიამ თავის მომხრეებს მოუწოდა, არ გამოსულიყვნენ და თავად ლიტვაში გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს მიმართვა მაღალჩინოსნებთან საუბრის შემედეგ ჩაწერა. უკვე ლიტვიდან კი ხალხს აქციებისკენ მოუწოდა.

 

პოლიციამ და „ომონმა“ აქცია დაარბია, თითქმის ყველა გამოსული – 3 ათასზე მეტი პროტესტანტი დაიჭირა. მას შემდეგ ბელარუსში აქციები არ წყდება. ტიხანოვსკაია საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, უცხოეთში გაემგზავრა და იქიდან ცდილობს ეროვნული ლიდერის როლი მოირგოს. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დათმობას არ აპირებს არც ალექსანდრე ლუკაშენკო და აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

 

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე ფორ.გე ესაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეიცალისტს და პოლიტოლოგს, ირაკლი გოგავას.

 

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს? რამდენად დამაჯერებელია ლუკაშენკოს მიერ არჩევნებში მიღებული 80%?

 

ირაკლი გოგავა: ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, მან უკვე მე–6 არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ის 26 წელი ბელარუსის უცვლელი ლიდერია. საბჭოთა დროს, სააკაშვილის მსგავსად, კგბ–ს სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა. შემდეგ ორ კოლმეურნეობას და ერთ „სოვხოზს“ ხელმძღვანელობდა. უზენაესი საბჭოს დეპუტატიც გახდა და ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც ბელოვეჟის შეთანხმების რატიფიკაციას ხმა არ მისცა, ანუ სსრკ–ს დანგრევის წინააღმდეგ წავიდა და საბჭოთა კავშირის დაშლას „მე–20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. იგივე ფრაზა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიმეორა, რითაც ახალი „მინი ცივი ომი“ დაიწყო რუსეთსა და დასავლეთს შორის.

 

ამ „ცივი ომის“ მსხვერპლნი ჩვენც გავხდით 2008 წელს ჩვენივე უგუნური და მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. ეს „მინი ცივი ომი“ 2020 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, ვიდრე რუსეთი აზარტით არ ჩაერთო გლობალისტების მედია–პროექტში „კორონავირუსი“.

 

1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ 80% მიიღო, შესაძლოა ეს ციფრი ამიტომაც უყვარს. მე ვაკვირდებოდი ბელარუსის საპრეზიდენტო კამპანიას და უნდა ვთქვა, რომ ლუკაშენკომ დაუშვა სერიოზული ტექნოლოგიური შეცდომები. მაგალითად, მან იგნორირება გაუკეთა ინტერნეტ სივრცეს, ახალგაზრდობას, არც კი უხსნებია რეფორმები, განახლება, ახალი ეროვნული მეგა–პროექტები, არ მოუყვანია გუნდში ახალი პოპულარული სახეები.

 

- რატომ თქვა უარი ახალი გუნდის შექმნაზე?

 

- მის შტაბს ეგონა, რომ წარსულის მიღწევები საკმარისი აღმოჩნდებოდა უპირობო გამარჯვებისთვის და შემდგომ ამ გამარჯვების აღიარებისთვის. მან არ შეცვალა გუნდი, არ მოიყვანა ახალი, საზოგადოებისთვის პატივსაცემი ხალხი. ლუკაშენკო საკმაოდ მკაცრი ლიდერია, შეცდომებს არ პატიობს და ჩინოვნიკებს მისი ეშინიათ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ცდილობდნენ, რომ საკუთარი თავი დაეზღვიათ და „შეფის“ საამებლად არჩევნებში მაღალი შედეგები დაეფიქსირებინათ. თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ 80% „შეკვეთა“ ზემოდან მიიღეს.

 

- რამდენად რეალურია 80%?

 

– 80%–ის დაჯერება რთულია. თუმცა, სავარაუდოდ, იდეალურ არჩევნებში ლუკაშენკო არ წააგებდა, თუნდაც მეორე ტური რომ ყოფილიყო. 26 წლის განმავლობაში ბევრს მობეზრდა ერთი და იგივე სახე, ეს ბუნებრივიცაა, ასეთია მასების ფსიქოლოგია. გერმანიაშიც იგივე ხდება: ანგელა მერკელი 15 წელია კანცლერია და ბერლინში უკვე მილიონიანი საპროტესტო აქციები იმართება და თვის ბოლოს 3-მილიონიანი მარშისთვის ემზადებიან. ერდოღანი 17 წელია თურქეთს მართავს და იქაც პრობლემებია – ადგილობრივი არჩევნები, ფაქტობრივად, წააგო. პუტინი 20 წელია ხელისუფლებაში და ვხედავთ, რა ხდება ხაბაროვსკში და, ზოგადად, რუსეთში.

 

უმრავლეს შემთხვევაში, ხანგრძლივ მმართველობას „არამონარქიულ აბსოლუტიზმამდე“ მივყავართ, დუნდება მმართველობითი აპარატი, დიდი ხნის შეუცვლელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ირყვნებიან, ჭაობდება საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები უფრო ინტრიგების კასკადს ემსგავსება, ვიდრე რაიმე ახალი, ხალხისთვის სასარგებლო წამოწყებების ინიცირებას. ადამიანებს იმედი სჭრიდებათ! იმედის მთავარი გენერატორი კი ახალი ეროვნული პროექტები და გუნდის მუდმივი განახლებაა არა უბრალოდ უცნობი ახალი სახეებით, არამედ საზოგადოებისთვის პატივსაცემი სახეებით. ნებისმიერ ხელისუფლებას დროთა განმავლობაში ხალხის ნდობა უმცირდება.

 

ასეთ შემთხვევაში მან ეს ნდობა უნდა „ისესხოს“. საიდან უნდა „ისესხოს“? იმ პირებისგან, ვისაც საზოგადოება უსმენს, ენდობა და პატივს სცემს. ბევრი ლიდერი სწორედ აქ უშვებს შეცდომას და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანების მიწვევის ნაცვლად, მთავარ კრიტერიუმად პირად ერთგულებას ირჩევს, – ეს კი ლიდერებს ასუსტებს. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ მომსვლელი აუცილებლად უნდა სჯობდეს წამსვლელს – სხვა შემთხვევაში ელოდე უბედურებას!

 

- თქვენ ახსენეთ, რომ ლუკაშენკო წარსული მიღწევებით აპირებდა ფონს გასვლას. რა მიღწევებზე საუბრობთ?

 

– ბელარუსი უნიკალური ექსპერიმენტია. ბელარუსის სიმდიდრე სულ სამი რესურსით შემოიფარგლება – მიწა, ტყე და კალიუმი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საკუთრებაში მრეწველობის ძირითადი სიმძლავრეების შენარჩუნება მოხერხდა და ის ევროპულ დონეზე განვითარდა. ბელარუსის დღევანდელი ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ის 1989 წელს საბჭოთა ბელორუსიაში იყო. კოლმეურნეობები მომგებიანი გახადეს და მხოლოდ საკვები პროდუქტების ექსპორტი ყოველწლიურად თითქმის $6 მილიარდია. ბელარუსის რძის და ხორცპორდუქტები უმაღლესი ხარისხისაა.

 

ჩვენ უკვე კარგად გვესმის, რომ დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტიურად ლობირებდა და ლობირებს დეინდუსტრიალიზაციას, რადგან არ სჭირდებათ კონკურენტები. დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველაფრის ჭარბწარმოებაა და კონკურენტებს დაუნდობლად იშორებენ. აქსიომაა, რომ ყველა განვითარებული სახელმწიფოს ეკონომიკის ხერხემალი მრეწველობაა, მის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ გამდიდრდება. ლუკაშენკომ ყური არ უგდო დასავლეთს და შეზღუდული რესურსებით მრეწველობა არნახულ დონეზე განავითარა.

 

 

ჩვენ კი 90–იანი წლებიდან $200 მილიარდის კაპიტალიზაციის მრეწველობა ჯართში ჩავაბარეთ და უცხოელების შიშით ახალი საწრმოების დაფინანსება გვეშინია. ვნახოთ ბელარუსის ეკონომიკა ციფრებში. ციფრების და სტატისტიკის გარდა ყველაფერი ლირიკაა. ბელარუსი საქართველოზე 2,5–ჯერ დიდია. მოსახლეობა 9,5 მილიონია. მათ მოახერხეს და 1989 წლის მოსახლეობის დონე მეტნაკლებად შეინარჩუნეს. ხალხი კი ეკონომიკაში ყველაზე მძლავრი რესურსია, რადგან სწორედ ხალხი ქმნის პროდუქტს და აყალიბებს მოხმარება/მოთხოვნას ბაზარზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელია. ბელარუსის ეკონომიკა $63 მილიარდია, თუმცა უკრაინის კრიზისამდე $78 მილიარდი იყო.

 

ექსპორტმა 2019 წელს $42 მილიარდი შეადგინა. საქართველოს ექსპორტმა კი – $3,8 მილიარდი, ანუ 11–ჯერ ნაკლები, მაშინ როდესაც მოსახლეობით ბელარუსი საქართველოზე მხოლოდ 2,5-ჯერ დიდია, ხოლო ტერიტორიით – 3–ჯერ. ბელარუსის ეკონომიკური განვითარების დონე რომ გვქონდეს, ჩვენი ექსპორტი $16 მილიარდი უნდა იყოს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბელარუსის ეკონომიკას 30–ე ადგილას აყენებს სირთულის, ანუ მეცნიერების და ტექნოლოგიების გამოყენების ინდექსით, და ამ მონაცემით ის რუსეთს, უკრაინას და ლატვიას უსწრებს. ქვეყანაში 12,000 ქარხანა მუშაობს, 10-მილიონიან ქვეყანაში უმუშევარი მხოლოდ 7000 ადამიანია, ჩვენთან კი – 1 მილიონი.

 

საშუალო ხელფასი ბელარუსში $588–ს შეადგენს, საქართველოში კი – $392 (1204 ლარი)–ს. საშუალო პენსია $185–ია, ჩვენთან – $82. ბელარუსში კანონით პენსიის ინდექსირება ყოველ წელს ხდება, რათა ინფლაციამ პენსიონერები არ დააზარალოს. ჯანდაცვა, საშუალო განათლება სრულად უფასოა და ამავე დროს ხარისხიანი. სტუდენტების 35% უფასოდ სწავლობს. დააფუძნეს მაღალი ტექნოლოგიების პარკი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების $2 მილიარდიან ექსპორტს აწარმოებს.

 

 

ყველაზე ცნობილი ბელორუსული Viber, World of Tanks, Maps Me. Masquarade კი ცუკერბერგმა იყიდა. ბელარუსმა 2 კოსმოსური თანამგზავრი გაუშვა, აშენებს $9 მილიარდ დოლარად ღირებულ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ორი „ენგრუჰესის“ სიმძლავრისაა, გზები და ინფრასტრუქტურა ევროპული ხარისხისაა. ეს ყველაფერი ლუკაშენკომ საკმაოდ მოქნილად რუსეთთან ურთიერთობის ხარჯზე და დიდწილად რუსეთის ბაზრის წყალობით მოახერხა.

 

მან 26 წლის განმავლობაში რუსეთისგან ბუნებრივი აირის იაფად მიღება შეძლო, რითაც მრეწველობა ააგუგუნა. ასევე რუსეთისგან ნედლი ნავთობი მიიღო, რომლის საფუძველზეც მოზირში თანამედროვე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ააშენა და ყოველწლიურად $3 მილიარდის ბენზინის ექსპორტს ახდენს. სხვათა შორის, მსგავსი მოლაპარაკება იყო ჰეიდარ ალიევსა და შევარდნძეს შორის, რომ კასპიის ნავთობის ნაწილი სუფსაში იაპონელების მიერ აშენებულ ქარხნაში გადამუშავებულიყო ბენზინად, მაგრამ სააკაშვილმა ეს შეთანხმება ნავთობის ბიზნესიდან პირად წილებში და ქვემო ქართლის ხმებში გადაცვალა.

 

თანამედროვე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა კი აზერბაიჯანელებმა ბაქოსა და თურქეთში ააშენეს.

 

ბელარუსს რომ დავუბრუნდეთ, ცხადია, ყველაფერი იქ იდეალური არ არის. 2014 წლის უკრაინის კრიზისმა ბელარუსს დიდი დარტყმა მიაყენა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთო ეკონომიკური ვარდნა მოხდა. რუსეთში მსყიდველობითუნარიანობის დაცემამ ბელარუსის ეკონომიკა $79 მილიარდიდან $60 მილიარდზე ჩამოიყვანა. ამან შეამცირა ბელარუსი ხალხის შემოსავლები და, ფაქტიურად, მე–6 წელია დაკარგულის ანაზღაურებას ცდილობენ. ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი რუსეთში „ურტყამს“ ყველა მის მეზობელს, მათ შორის ჩვენც.

 

2014 წლის კრიზისმა ჩვენს ეკონომიკსაც $3 მილიარდი მოაკლო და დღემდე ვერ მივაღწიეთ 2014 წლის დონეს. ბელარუსი არ აყვა კორონავირუსის მედია–პროექტს და არ ჩაკეტა ეკონომიკა, მაგრამ მის გარშემო ქვეყნებმა ეკონომიკის ბლოკირების რეჟიმი აამოქმედეს და ეს ბელარუსის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ყველაფერმა ამან ერთად აღებულმა ნოყიერი ნიადაგი შექმნა ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეთათვის. პანდემიის მთავარი დარტყმა ქვეყნების ეკონომიკაზე ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ კი ლუკაშენკოს აუცილებლად უნდა დავუფასოდ ის, რომ მან არ იგდო ყურად მოსკოვის მოწოდება და აფხაზეთი და ცხინვალი არ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

 

- დასავლეთი ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებს უკვე წლებია და დღეს ვეროკავშირი აცხადებს, რომ არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ ბელარუსში დემოკრატია არ არის. ეკონომიკური მიღწევები დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე – რეალურად ასე გამოდის?

 

– დიახ, ასე გამოდის. ამის მიზეზი დასავლეთის მიდგომებში უნდა ვეძებოთ. საბჭოთა იმპერიის ნგრევის შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცე დასავლეთისგან „მარშალის გეგმას“ ელოდა და არნახული კეთილდღეობის იმედით ცხოვრობდა. სანაცვლოდ მივიღეთ ცბიერი პოლიტიკა, რომელმაც მოიტანა დეინდუსტრიალიზაცია, ტვინების გადინება, მეცნიერების, განათლების, კულტურის დეგრადაცია და რაც ყველაზე სავალალოა, დემოგრაფიული კრიზისი მოსახლეობის უზარმაზარი მასების გადინებით. ამასთან, არ ჰქონდა მნიშვნელობა იყავი დასავლეთის მოკავშირე თუ არა. ლუკაშენკომ ეს ყველაფერი თავიდანვე დაინახა და ჩაკეტა ქვეყანა – არ შეუშვა დასავლეთი და სხვათა შორის არც რუსეთი.

 

პირდაპირ ვთქვათ, მშიერი ქვეყანა დემოკრატიული ვერ იქნება. დემოკრატია მშიერ ქვეყანაში ნიშნავს გარე მმართველობას. დემოკრატიის შეზღუდვა დასავლეთშიც დაწყებულია და ამ პროცესს ნეოლიბერალები გეგმაზომიერად მართავენ. ნეოლიბერლიზმი მდიდრების იდეოლოგიაა, ისინი კი პლანეტის მოსახლეობის 1%–ს შეადგენენ. მათ მსოფლიო მასშტაბით წამყვანი მედიის, ცნობილი კინოსტუდიების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტების ხელში ჩაგდება, ბევრ ქვეყანაში კი ეროვნული ელიტების გადაბირება მოახერხეს. უმცირესობის დიქტატი კი უკვე აპარტეიდია და დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

 

ციფრული ტექნოლოგიები მასების მართვის კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა. მაგრამ ყველა ქმედებას უკუქმედება მოყვება. დასავლეთის ქვეყნებში მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს, რომელსაც მედია არ გვაჩვენებს.

 

- როგორ ფიქრობთ, პროცესები შეიძლება უფრო გამწვავდეს და ასახვა ჰპოვოს ჩვენთანაც?

 

– ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება. ჩვენ და ჩვენი რეგიონის ქვეყნები ვდგავართ ასეთი რეალობის წინაშე: თუ რეალური ეკონომიკური განვითარება გსურს, დემოკრატია უნდა შეზღუდო, ხოლო თუ დემოკრატია გაინტერესებს, მაშინ ინდუსტრიალიზაციაზე და ქვეყნის ეკონომიკის სისტემურ და სიღრმისეულ განვითარებაზე უარი უნდა თქვა. ჩვენ დემოკრატია ავირჩიეთ, ბელარუსმა – ეკონომიკა. მსოფლიო ელიტები სხვა არჩევნას არ გვაძლებენ.

 

- ჩვენ ვიხილეთ მასშტაბური პროტესტები ბელარუსში. ბევრი ხალხი გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, ვინ უმაგრებს ზურგს ბელარუსულ ოპოზიციას? უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლების ცვლას და მორიგ „ფერად რევოლუციას“? ლუკაშენკო აცხადებს, რომ პროცესები „ფერადი რევოლუციისკენ“ მიდის...

 

– ოთხი სხვადასხვა ქვეყნის 17 არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ამპლუაში, ამიტომ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. ვმუშაობდი ამერიკის საუკეთესო პოლიტ–ტექნოლოგებთან, რომლებიც თეთრი სახლის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდნენ და 35 სხვადასხვა პრეზიდენტი ჰყავთ არჩეული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მიმუშავია 3 სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან. პროფესიონალურად ვაკვირდებოდი აბსოლუტურად ყველა „ფერად რევოლუციას“ და თანმდევ პროცესებს. ბელარუსის საარჩევნო მარათონში ჩაერია დასავლეთიც და რუსეთიც.

 

რუსეთს თავისი კანდიდატი ბაბარიკო (გაზბრომპანკის მენეჯერი მინსკში) ჰყავდა; დასავლეთმა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას დაუჭირა მხარი. საპროტესტო შტაბი ვარშავაშია, ტიხანოვსკაია ლიტვამ შეიფარა. დასავლეთს სურს ლუკაშენკოს ჩამოშორება, მოსკოვს კი მისი დასუსტება და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისი კაცით ჩანაცვლება აქვს მიზნად დასახული. ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, რუსეთთან საბაჟო კავშირის წევრიც, ასევე არის კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ხელშეკრულების წევრი.

 

მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო არც რუსეთს და არც დასავლეთს ცხვირს არ აყოფინებდა თავის შიდა საქმეებში. მოქნილი პოლიტიკით კი დასავლეთიდანაც ღებულობდა ეკონომიკურ სარგებელს და რუსეთიდანაც. 2020 წლის 1 ივლისიდან ევროპამ ბელარუსს უვიზო მიმოსვლა დაუწესა. რუსეთს პარტნიორობის სურვილი არ აქვს, მას თავისი კაცი სჭირდება მინსკის პირველ სავარძელში. თუ ლუკაშენკო რუსების დაუხმარებლად შეძლებს ვითარების განმუხტვას, დიდად არაფერი შეიცვლება, შესაძლოა რაღაც ინდივიდუალური სანქციები დაწესდეს ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ.

 

- იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო დამოუკიდებლად სიტუაციას ვერ მოერია და რუსებს დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ რისი დათმობა მოუწევს ლუკაშენკოს პუტინის სასარგებლოდ?

 

– ასეთ შემთხვევაში მას რუსეთთან ახალ პირობებზე მოლაპარაკება მოუწევს. რუსეთი მას აუცილებლად მოსთხოვს მოსკოვისთვის მისაღები მემკვიდრის ინტრონიზაციას, თანაც ახლო მომავალში. თავად კი ევრაზიული კავშირის საზღვრებში უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. გამოდის, რომ დასავლეთის ის წრეები, რომლებიც პროტესტანტებს ეხმარებიან, ნებით თუ უნებლიეთ, რუსების წისქვილზე ასხამენ წყალს. ლუკაშენკოს და ბელარუსს რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ „ერეკებიან“. უკრაინის მწარე მაგალითი პუტინს არ უტოვებს სხვა შანსს, გარდა ბელარუსში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის ჟამს, არმიის ნაწილების შეყვანისა. სხვა შემთხვევაში ის მიიღებს მტრულ სახელმწიფოს წითელი მოედნიდან 450 კმ–ში, რაც თანამედროვე ტანკებისთვის 6–საათიანი აუჩქარებელი მარშის მანძილს შეადგენს და ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოქმედების რადიუსშია. ხოლო ბელარუსიდან აფრენილი ამერიკული გამანადგურებელი F16 Fალცონ მოსკოვს 11 წუთში მიაღწევს. რუსეთის ტაქტიკური აზროვნების მსგავსი მოდელი არ შეიძლება არ ესმოდეთ დასავლეთში და სწორედ ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს.

 

- რა კითხვები ჩნდება? ფიქრობთ, რომ დასავლეთი გამიზნულად „მიერეკება“ ბელარუსს რუსეთის სრული კონტროლისკენ?

 

– აშშ–მ შეცვალა თავისი საგრეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ტრამპმა 2016 წლიდან ჩინეთი მთავარ მეტოქედ გამოაცხადა. 2008 წელს პენტაგონმა გამოაქვეყნა ნახევრად საიდუმლო დოკუმენტი, რომლის საჯარო ნაწილი წავიკითხე და იქ მკაფიოდ ეწერა, რომ ყველა გათვლებით, 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ–ს ეკონომიკის მოცულობით და სამხედრო ხარჯებით გადაასწრებს. ამას გარდა, ჩინეთი ამზადებს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის ხალხთა გადასახლებას: სოფლიდან ქალაქში უნდა გადაიყვანონ 350 მილიონი მოქალაქე. ეს ჩინეთის მოსახლეობის 25%–ია. ითვლება, რომ სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის 1%-ის გადასვლა ქვეყნის ეკონომიკას ავტომატურად ზრდის 2%–ით, რადგან იზრდება ხალხის მსყიდველობითუნარიანობა, მოხმარება ანუ ვითარდება შიდა ბაზარი. გამოდის, რომ ურბანიზაციის ახალი ტალღის დასრულების შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა მინიმუმ 50%–ით გაიზრდება, თუ ეკონომიკის მულტიპლიკაციურ ეფექტს გავითვალისწინებთ, შესაძლოა – 60%–ით და ეს სულ რამდენიმე წელიწადში. ჩინეთის $14 ტრილიონიანი ეკონომიკა მხოლოდ ურბანიზაციის მეთოდის გამოყენებით $22 ტრილიონი გახდება, ანუ გაუთანაბრდება აშშ–ს დღევანდელ დონეს.

 

ჩინეთთან მეტოქეობაში აშშ–ს რუსეთთან მოკავშირეობა აუცილებლად სჭირდება და აი, რატომ: დღეს მსოფლიოში „ბირთვულ ტრიადას“ მხოლოდ სამი სახელმწიფო ფლობს – აშშ, რუსეთი, ჩინეთი. ტრიადა ნიშნავს ბირთვულ იარაღს წყალზე, ხმელეთზე და კოსმოსში. თუმცა ჩინეთი ჩამორჩება საერთო ბირთვული ქობინების რაოდენობით – მას მხოლოდ 280 ბირთვული რაკეტა აქვს, აშშ–ს – 6185, ხოლო რუსეთს - 6850, დანარჩენ 6 ბირთვულ სახელმწიფოს კი – 890. აშშ ვერ ჩაებმება სერიოზულ დაპირისპირებაში ჩინეთთან, თუ რუსეთი, როგორც მინიმუმ, ნეიტრალური არ გახდება.

 

რუსეთი კი აუცილებლად მოითხოვს თავისი პირობების შესრულებას, რადგან მას დღეს ასარჩევად აქვს საქმე – ჩინეთის მოკავშირედ გამოვიდეს თუ აშშ–ს. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო მე–20 საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს, როდესაც აშშ-მ სტალინს ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთად მოქმედება შესთავაზა. სტალინი დაეთანხმა, თუმცა სანაცვლოდ ინდუსტრიალიზაცია მოითხოვა და მიიღო კიდეც. 15,000 ამერიკელი ინჟინერი გამალებით აშენებდა სამრეწველო გიგანტებს 20–იან და 30–იან წლებში დეტროიტის სამრეწველო ცენტრის ავტორის ალბერ კანის საკონსტრუქტორო ბიუროს მეთაურობით. ამ პერიოდში სსრკ–ში 9000 ქარხანა აშენდა და შედეგად სსრკ–მ ბრიტანეთის იმპერიას ეკონომიკის მოცულობით გადაუსწრო.

 

თუმცა 1933 წელს ჰიტლერი აღზევდა და ამერიკულ–საბჭოთა პაქტი საბოლოოდ გერმანიის წინააღმდეგ მიიმართა, ბრიტანეთმა კი მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი დაკარგა და მას ომის შემდეგ კოლონიებზე უარის თქმა მოუწია. მოსკოვის მხრიდან ლოგიკურია, მოითხოვო უსაფრხოების სარტყელი ბალტიის, შავი ზღვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის პერიმეტრზე, ანუ გააკონტროლო ეს სივრცეები ისე, რომ იქიდან სამხედრო საფრთხე არ წამოვიდეს. აშშ–სგან რუსებმა იაფი საკრედიტო რესურსები და ტექნოლოგიები შეიძლება მოითხოვონ.

 

ისტორია გვაჩვენებს, რომ ამერიკელები და რუსები მოკავშირეებად გამოდიოდნენ ყველა მასშტაბურ გეოპოლიტიკურ პროცესში დაწყებული აშშ–ის სამოქალაქო ომიდან დასრულებული მეორე მსოფლიო ომით. ბელარუსის მოვლენები შესაძლოა იყოს პირველი ნიშანი მსგავსი შეთანხმებისა, თუ ის უკვე მიღწეულია აშშ–ს და რუსეთს შორის. თუ დასავლეთი ბელარუსს რუსეთისკენ „ერეკება“, ამას თავისი მიზანი აქვს. ამერიკელები და რუსები განუწყვეტლივ რეჟიმში ლაპარაკობენ, ისევე როგორც რუსები ჩინელებთან და ჩინელები ამერიკელებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ის, რაც ბელარუსში ხდება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება, მიუხედავად იმისა არის თუ არა რამე შემთანხმება დიდ მოთამაშეებს შორის.

 

- თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ლუკაშენკო ხელისუფლების შენარჩუნებას?

 

– არჩევნების შემდეგ პირველ დღეს პროტესტი არ იყო მასობრივი, დაახლოებით 3–4 ათასი ადამიანი გამოვიდა მინსკში. ორმილიონიანი ქალაქისთვის ეს დიდი ციფრი არ არის. ხელისუფლებამ დაინახა რა პროტესტის მცირერიცხოვნობა, გადაწყვიტა დაესაჯა პროტესტანტები და თითქმის ყველა დააკავეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდენენ. დაახლოებით ისე, როცა სააკაშვილმა მიტინგი კი არ დაშალა, არამედ ყველა გასასვლელი გადაკეტა და „ჭკუის სასწავლებლად“ ყველა მომიტინგე სცემა. სწორედ ეს იყო ლუკაშენკოს შეცდომა და ამის გამო გამოვიდა ხალხი მეორე და მესამე დღეს. მინსკის „გამარჯვების სტელასთან“, სადაც დიდი ოპოზიციური მიტინგი გაიმართა, ტერიტორია 107,000კვ.მეტრს შეადგენს.

 

მომიტინგეები ცდილობდნენ დაეცვათ ერთმეტრიანი დისტანცია, ანუ ფაქტიურად 100 000 გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა მინსკში. ლუკაშენკოს ჰყავს სერიოზული უსაფრთხოების სამსახური, გაწვრთნილი 65 000 ჯარისკაცი, მილიცია, „ომონი“ და ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც ჯერჯერობით გვერდში უდგას. გაფიცვების კამპანია მხოლოდ რამდენიმე საწარმომ დაიწყო, დანარჩენი მუშაობს. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლუკაშენკოს ჩამოგდების რესურსი არ ჩანს. ოპოზიციას სერიოზული ლიდერი არ ჰყავს, საზღვრებს სახელმწიფო აკონტროლებს და ფინანსების მიწოდება ჭირს. ოპოზიციის ცნობით, ფსბ–ს ოპერატიული მუშაკები უკვე ჩავიდნენ მინსკში, ბელარუსის ტელევიზიაში რუსული ჟურნალისტური გუნდი შევიდა, საზღვრებთან რუსული ჯარის გადაჯუფება ხდება. ახლა მუხტის აგორების პროცესი და ხალხის ინფორმაციული დამუშავება მიმდინარეობს. იყენებენ მუქარების ტენქოლოგიას, ანუ ჩინოვნიკებს და მათ ოჯახებს ინდივიდუალურად აშინებენ, თუმცა მსგავსი რამ ხელისუფლების მხრიდანაც ხდება. ჩინოვნიკების დაშინების ტექნოლოგია ბოლო მაიდანის დროს უკრაინაშიც გამოიყენეს.

 

 

 

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მინსკის გარეუბანში რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ 33 მებრძოლი დააკავეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი მონაწილეობს მინსკის პროტესტებში?

 

– ЧВК „Вагнер“ რუსული კერძო სამხედრო ფირმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის. ისინი იბრძვიან სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში, აფრიკის სახელმწიფოებში. მათ კრემლიც იყენებს და თან კერძო შეკვეთებსაც იღებენ. მასში გამორჩეულ ჯარისკაცებს იწვევენ. ბელარუსის უშიშროებამ მინსკის მახლობლად აიყვანა „ვაგნერის“ 33 მებრძოლი და რამდენიმე დღეში რუსეთს გადასცა. ამ ინფორმაციამ ყველა დააბნია და ბელარუსის საპროტესტო აქციებში რუსული კვალის ძებნა დაიწყეს, რაც ლოგიკური იყო.

 

თუმცა ეს აღმოჩნდა უკრაინის სპეცსამსახურების ოპერაცია. უკრაინული დაზვერვა, ვენესუელის სახელით, რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან კავშირზე გავიდა. მათ შესთავაზეს ვენესუელაში ნავთობის მომპოვებელი კოშკების დაცვის პროექტში მონაწილეობა, რაშიც კარგ ჰონორარს შეპირდნენ. ოპერაციის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩარტერული თვითმფრინავი „ვაგნერის“ მებრძოლებით ბელარუსიდან სტამბოლისკენ გაფრინდებოდა და სტამბოლის ნაცვლად უკრაინაში დაეშვებოდა. იქ კი მათ დონბასში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო აიყვანდნენ. ბოლო მომენტში პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა მოითხოვა ოპერაციის შეჩერება, რადგან რუსების ამ ეტაპზე გაღიზიანება არ სურდა. ოპერაცია გადაიდო და ინფორმაციამაც გაჟონა. ამას მოყვა უკრაინის დაზვერვის შეფის და ერმაკის კონფლიქტი, რის შედეგადაც პრეზიდენტმა დაზვერვის შეფი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. დაკავებული „ვაგნერის“ მებრძოლები კი ლუკაშენკომ რუსეთს გადასცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner