logo_geo
eng_logo
დევდორაკის ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს
- +

25 ივნისი. 2016. 12:43


დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში  მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანა და სამუშაოების დაწყება გამთენიისას, 5 საათზე მოხერხდა.



ამალი-დევდორაკის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკის შეყვანა გუშინ, მთელი დღის მანძილზე ღვარცოფსაშიშროების გამო ვერ ხერხდებოდა.



გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ხეობაში ღვარცოფის საშიშროება არ არსებობს.



გეოლოგები უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურებმა, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, ოპერატიულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ხეობაში იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გადაუდებელ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაცია გაუწია.



ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.



შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფიც გაიგზავნა.



ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის დასრულებულია. 200-მდე ადამიანი დაბა სტეფანწმინდაშია გადაყვანილი. მათი ნაწილი თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საშუალებით გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.



გიორგი მღებრიშვილის დავალებით, გამოიყო ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner