- ჩვენ დასავლური ორიენტაციის პარტია ვართ! - აცხადებს პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინათ ქვეყანას შუასაუკუნეების ინკვიზიციური მეთოდებით მართავდა და რომელმაც ციხეები პატიმრებით გაავსო, ქუჩები კი - უდანაშაულო ადამიანების ცხედრებით.
- ჩვენ დემოკრატიას და დასავლურ ღირებულებებს ვემსახურებით! - აცხადებს ამავე პარტიის განაყოფი, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა, პასპორტი გადაიკეთა და ახლა ამ ყალბი პასპორტით ცდილობს ჩვენს მოტყუებას.
თუ ეს ორი პარტია (სინამდვილეში ერთი, მაგრამ ორად გაყოფილი), მართლაც დასავლური ორიენტაციის და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ ორგანიზაციებად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ ცუდი ყოფილა დასავლეთი და კიდევ უფრო ცუდი დემოკრატია, - ასეთ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს მოქალაქე, რომელმაც საკუთარ ზურგზე იწვნია ამ „პროდასავლელი დემოკრატების“ მმართველობის მთელი საშინელება.
ეს საბედისწერო დასკვნა ამ მოქალაქეს კიდევ უფრო უმყარდება, როცა ხედავს, რომ ამ ფსევდოდემოკრატებს და ფსევდომედასავლეთეებს დღემდე უჭერენ მხარს გარკვეული ძალები ხან ამერიკის კონგრესიდან, ხან ევროკავშირიდან, ხან - სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ამ მხარდაჭერას კი გულმხურვალე მოწოდებებსაც მოაყოლებენ ხოლმე: ჩაატარეთ სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, თორემ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგებაო.
საქართველო და მისი ხელისუფლება ოქტომბერში აუცილებლად ჩაატარებს სამართლიან, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ თუ ქართველი ხალხი „ნაცებს“ და „ევრონაცებს“ იმდენ ხმას არ მისცემს, რომ ისინი კვლავ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, ამ შემთხვევაში არჩევნები სამართლიანად არ ჩაითვლება?
ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმის ავტორები და შემოქმედები, „ნაცები“ და „ევრონაცები“ თუ „გაიმარჯვებენ“, ეს იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, მაგრამ თუ დამარცხდებიან, ეს იქნება უსამართლობა?
განა იმაზე არ მიგვანიშნებენ ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები და განა ამას არ გვეუბნებიან შეფარვით და შენიღბულად, როცა ხან ამერიკის კონგრესიდან, ხან ევროპარლამენტიდან, ცალკეული ჯგუფები მკაცრ წერილებს გვიგზავნიან და, ფაქტობრივად, გვემუქრებიან - ასე და ასე თუ არ მოიქცევით, მკაცრ ზომებს მივიღებთო?!
არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ არჩევნებში სამართლიანად კი არ უნდა ჩატარდეს, არამედ უნდა გაყალბდეს და თან იმნაირად, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა გაჩნდეს?
ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, დიდიან-პატარიანად, ყველა ერთად და ყველა ცალ-ცალკე, ისეთი დარწმუნებით და დაბეჯითებით ამტკიცებენ, „ქართული ოცნება“ იმ რაოდენობის ხმებს ვერ მოაგროვებს არჩევნებში, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება და, აქედან გამომდინარე, გარდაუვალია კოალიციური მთავრობის შექმნაო, ჩნდება გონივრული ეჭვი: - ეს სცენარი უკვე ხომ არ არსებობს სადღაც და ოპოზიციას ხომ არ არწმუნებენ, რომ მისი განხორციელება აუცილებლად მოხდება?
ამიტომ ხომ არ ლაპარაკობენ „ნაცები“, „ევრონაცები“, აგრეთვე სხვა ყარტა-ყურტა პარტიები ასე დაბეჯითებით, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვლება?
ამიტომ ხომ არ აქვთ დიდი ცილობა და გაწევ-გამოწევა ამ საბრალოებს, თუ როგორ განაწილდება სამთავრობო პორტფელები არჩევნების შემდეგ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ა.შ.
ამ დღეებში ბელარუსში საგულისხმო და საყურადღებო ამბები ხდება - ქუჩებში გამოჩნდნენ მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მოითხოვენ, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდეს ვინმე ტიხანოვსკაია, რომელმაც ლუკაშენკოს 80%-ის საპირწონედ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 10% მიიღო.
სად 10% და სად 80, მაგრამ ტიხანოვსკაიას მომხრეებს ეს ამბავი სულ არ აინტერესებთ - ტიხანოვსკაია გამოცხადდეს გამარჯვებულადო, მოითხოვენ და მორჩა.
გასაკვირი ის არის, რომ ამ ყოვლად თავხედურ, ავანტიურისტულ და პროვოკაციულ მოთხოვნას დემოკრატიული თანამეგობრობის ბანაკიდან რამდენიმე სახელმწიფო გამოუჩნდა მხარდამჭერად და ბელარუსს სანქციებით დაემუქრა.
რამდენად სამართლიანია სანქციები იმის გამო, რომ ლუკაშენკომ 10%-იან კონკურენტს საპრეზიდენტო სავარძელი ხონჩით არ მიართვა?
პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანა, სადაც ადამიანებს, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, ცხოვრების ყველაზე ნორმალური პირობები ჰქონდათ, დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.
ბელარუსული სცენარის ქართულ ვარიანტს ხომ არ ამუშავებენ ვიღაც-ვიღაცები საქართველოსთვისაც?
„ქართულ ოცნებას“, სრულიად დამსახურებულად, დღეს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გარედან გამოგზავნილი ინსტრუქციების და მითითებების გარეშეც სამართლიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩაატარებს და ყოველგვარი გაყალბების და სხვა მანიპულაციების გარეშე, დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველოშიც არ მოხდება იგივე, რაც დღეს ბელარუსში ხდება და გარკვეულმა ძალებმა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, არჩევნების შედეგების გაუქმება ან გამარჯვებულად დამარცხებული ოპოზიციის გამოცხადება მოითხოვონ.
მსოფლიოში უკვე ტენდენციად ქცეული ეს ძალადობრივი მოვლენა თუ ნორმად უნდა დაწესდეს, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ დემოკრატობანას თამაშს - დაგვინიშნეთ პირდაპირ თქვენთვის სასურველი პირები უფროსებად - ხან სააკაშვილი, ხან ბოკერია ან თუნდაც ქართველი ნელსონ მანდელა - „პოლიტპატიმარი“ ჟორიკა.
***
დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბევრს და მრისხანედ ილაპარაკებენ იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა, სინამდვილეში, არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ექნება.
ბევრს და მრისხანედ ილაპარაკებენ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმები მოიპარა, თუმცა, სინამდვილეში, არც ერთი ხმა არ იქნება მოპარული.
ბევრს და მრისხანედ ილაპარაკებენ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არავისთვის არაფერი არ ექნება წართმეული.
ბევრს და მრისხანედ ილაპარაკებენ დემოკრატიაზე და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფაზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ესეც სრული სიცრუე და მონაჭორი იქნება.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციის მხრიდან, პირველ ყოვლისა, „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ მხრიდან, მაინც იქნება თავგანწირული მცდელობა დესტაბილიზაციისა, არეულობისა, ქაოსისა.
იქნება მიზანმიმართული პროვოკაციები, რომ ხელისუფლება წონასწორობიდან გამოიყვანონ და შეცდომები დააშვებინონ.
ყოველივე ამის მთავარ ორგანიზატორად და იდეოლოგად, მიმართულების და ინსტრუქციების მიმცემად მოგვევლინება მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, საქართველოს მტერი, პოლიტიკური ურჩხული, ძალაუფლების ფლობის მანიაკალური ინსტინქტებით გონდაბინდული არსება, რომლისთვისაც ოქტომბრის არჩევნები არის პოლიტიკური რეანიმაციის, პოლიტიკური რეაბილიტაციის ბოლო შანსი.
ახლა „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების გადასაწყვეტია, პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვებიან სააკაშვილს და მასთან ერთად გაიხვეტებიან პოლიტიკური ასპარეზიდან თუ იმ ადგილს დასჯერდებიან, რასაც მათ ქართველი ამომრჩეველი მიუჩენს.
***
როდის მიხვდება დასავლეთი და ზოგადად მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება, რომ „ნაცმოძრაობის“ გამოსარჩლება, „ნაცმოძრაობის“ გამოცხადება პროდასავლურ და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალად, ეს არის დასავლეთისა და, საერთოდ, დემოკრატიული ინსტიტუციის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია.
არავის არ მიუყენებია იმდენი ზიანი, არავის არ შეულახავს დასავლეთისა და მსოფლიოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის იმიჯი ისეთი დიდი დოზებით, როგორც ეს „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა თავისი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე.
„ნაცმოძრაობა“, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროდასავლური, დემოკრატიული ძალაა და მოქმედებდა, როგორც კრიმინალურ-ფაშისტური ბანდა, პირდაპირ უბიძგებდა დასავლეთით და დემოკრატიით განხიბლულ მოქალაქეებს რუსული ორბიტისკენ, რომ იქ ეძებნა ხსნა და საშველი ამ მოძალადე ხელისუფლებისგან თავის დასაცავად.
რატომ გახდა ასე ძნელი მისახვედრი ეს ყოველივე დასავლეთისთვის და რატომ ინარჩუნებს დღემდე სენტიმენტალურ განწყობებს „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის მიმართ, რომლის მკერდსაც დღემდე ამშვენებს დასავლეთის მიერ მიტყუპებული ბირკა - „დემოკრატიის შუქურა“.
თუ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან საქართველოში გააკეთა, მაშინ დემოკრატია სხვა რამ ყოფილა და არა ის, რაც აქამდე გვეგონა.
თუ „ნაცმოძრაობა“ პროდასავლური ორიენტაციის პარტიად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ ეს დასავლეთი ის დასავლეთი არ არის, რომლისკენაც საქართველო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მიისწრაფოდა, როგორც მშობლიური სახლისკენ.
საქართველო და ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ თვალში ნაცარი აყარონ და ჩვეულებრივი მკვლელები, სადისტები და ყაჩაღები დემოკრატებად შემოასაღონ, უფრო ზუსტად, დემოკრატებად „დაუნიშნონ“.
ეს ამაზრზენი დემაგოგია, ეს შეურაცხმყოფელი ფარსი უნდა დამთავრდეს!
თუ ვინმეს სურს, გულწრფელად დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, დაეხმაროს იმაში, რომ საგნებს და მოვლენებს თავისი ნამდვილი სახელი დაერქვას და ყველაფერს ობიექტური პოლიტიკური და სამართლიანი შეფასება მიეცეს.
თუ ეს მოხდება, მაშინ აღმოჩნდება, რომ „ნაცმოძრაობა“ ეს იყო წმინდა წყლის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის შენარჩუნება პოლიტიკურ სივრცეში არა მარტო ამ შემაძრწუნებელ დანაშაულთა გამართლებას, არამედ ახალი დანაშაულების წახალისებას და წაქეზებას ნიშნავს.
აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დამთავრდეს.
თუ გვინდა, რომ საქართველო არ დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს „ნაცმოძრაობა“ - 21-ე საუკუნის საქართველოს სირცხვილი.
ვახტანგ ხარჩილავა
„საერთო გაზეთი“