logo_geo
eng_logo
შსს: თერჯოლაში, ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება სამინისტროში არ შემოსულა
- +

25 აგვისტო. 2020. 21:10

 

 

 

თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

 

აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

 

გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება“, – აცხადებენ შსს-ში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავა.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს.

 

„მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner